ახალი ამბები
,,რატომ არ გავხსნათ გზა საქართველოსკენ?'' - განაცხადეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა ზაზა დრიაევმა განაცხადა, რომ საჭიროა, ახალგორის რაიონსა და თბილისს შორის სავაჭრო გზა გაიხსნას.

ამის შესახებ მან 26 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა, მისი თქმით, თუკი მოქალაქეებისთვის გზა გახსნილია მკურნალობისთვის და ახლობლების მოსანახულებლად, უმჯობესია, ეს გზა გაიხსნას ეკონომიკური კუთხითაც.

"იმედი მაქვს, ბევრი ჩემი კოლეგა დამიჭერს მხარს, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ეს არასწორია, მაგრამ მე ამას გავახმოვანებ. რატომ არ გავხსნათ გზა საქართველოსკენ ეკონომიური კუთხით? ხომ გავხსენით 10 დღით (თვეში - რედ), რათა ლენინგორის რაიონის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებებში წავიდნენ და ახლობლების ნახვის საშუალება ჰქონდეთ. ჩვენ გვაქვს საბაჟო, გვაქვს სასაზღვრო სამსახური, შემოსავალი შემოვა ბიუჯეტში." - განაცხადა დეპუტატმა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალან ტეხოვმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ეს კატეგორიულად შეუძლებელია.

"თუ გზას გავხსნით, ეს უკვე "შავი ხვრელია" რუსეთისთვის. საქართველოსკენ გზის გახსნის საკითხი დღეს აქტუალური არ არის", - დასძინა მან.

სხდომის შესახებ ინფორმაცია დე-ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება მედიას, სააგენტო ,,ცხინვალის მაცნე'' სხდომის შესახებ, უფრო მეტ ინფორმაციას ავრცელებს. ,,ცხინვალის მაცნე'' ასოცირებულია ყოფილი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ჯგუფთან. აღნიშნულ საიტზე მკაცრად გაკრიტიკებულია დრიაევის პოზიცია.

სხდომის მიმდინარეობა ,,ცხინვალის მაცნის'' მიხედვით:

ზაზა დრიაევი, პარლამენტის წევრი: - ,,მე გამოვდივარ წინადადებით, რომ საქართველოსკენ გზის გაიხსნას, საჭიროა მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დაწყება და, რა თქმა უნდა, სავაჭრო ურთიერთობები. გპირდებით, რომ საქართველოსკენ გზა რომ გავხსნათ, კიტრი და პომიდორი იაფი დაჯდება.

ალან ალბოროვი, პარლამენტის თავმჯდომარე: - დეპუტატისაგან შემოვიდა წინადადება, უნდა იყოს მიღებული და განხილული.

ალან ტეხოვი, პარლამენტის წევრი: - საქართველოსკენ გზის გახსნის საკითხი დღეს ვერ განიხილება. ჩვენ მოვამზადეთ მიმართვა რუსეთის ფედერაციისადმი თხოვნით, დაგვეხმაროს გადასახადებისა და საბაჟო გადასახადების პრობლემის მოგვარებაში, რათა ჩვენი ფასები დაკლდეს.

ალან ტადტაევი, პარლამენტის წევრი: - Რას ამბობ? არა თუ გახსნა, მყარად უნდა დავკეტოთ ეს გზა და არა მარტო ეს, არამედ შევწყვიტოთ თქვენი კიტრისა და პომიდვრის რუსეთიდან ტრანსპორტირება, სჯობს ხალხს მივცეთ მიწა თავად დაამუშაონ და საკუთარი გაზარდონ. მაგრამ საქართველოსთან გზის გახსნაზე საუბარი არ უნდა იყოს!

,,დეპუტატების კორპუსის დანარჩენი წევრები დუმდნენ. რობერტ ოსტაევი ჩუმად იყო, ჰარიმ გაიღიმა, რობერტ ოსტაევი ჩუმად უსმენდა, ჯაბო მედოევი, ალექსანდრე პლიევი, დათო სანაკოევი და დანარჩენი მკერდს ურტყამდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ფეხზე წამომდგარიყვნენ და გეპროტესტებინათ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები