ახალი ამბები
თირის მონასტრის სამრეკლოზე კიბე მიაშენეს
თირის მონასტრის სამრეკლოზე კიბე მიაშენეს. როგორც ფოტოს ავტორი წერს, კიბე ,,გამოჩნდა''.

უცნობია, ვინ შეასრულა სამუშაოები - თვითნებურად თუ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალური უწყებების თანხმობით.

მანამდე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპულიკის კულტურის განყოფილების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისტორიულ ძეგლებზე ჩატარდება გაწმენდითი სამუშაოები.



დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თანამშრომლებმა ძეგლზე ნამდვილად ჩაატარეს გაწმენდითი სამუშაოები, ირგვლივ არსებული ხე-ბუჩქნარისგან გაასუფთავეს.

2021 წელს თირის მონასტრის ტერიტორიაზე ტურისტული ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ რუსეთიდან, ერთ-ერთმა ბლოგემა ფოტოები გადაიღო. ფოტოზე ჩანს, რომ ორი წლის წინ კიბე არ იყო მიშენებული.

1. ფოტო - 2023 წელი
2. ფოტო - 2021 წელი



თირის მონასტერი ცხინვალიდან 9-10 კმ-ში მდებარეობს სოფელ მონასტრის მახლობლად. ის XIII საუკუნის მეორე ნახევრის ხუროთმოძღვრების ძეგლია. კომპლექსი მდინარე თირისწყლის ნაპირზეა განლაგებული.

ისტორიკოს ნოდარ ანდღულაძის ცნობით, რომელმაც 1970-იან წლებში კვლევა ჩაატარა, XIV საუკუნეში, ისტორიული წყაროების მიხედვით, თირის მფლობელებად თავხელისძეები ჩანან, რომლებიც საუკუნის დასასრულიდან აქტიურ მოღვაწეობას ეწევიან მონასტერში.

ეგვტერის დასავლეთ კედელზე არსებული წარწერიდან ცნობილია, რომ XV საუკუნის 20-იან წლებში მოლარეთუხუცეს ხელა თავხელიძეს ეკლესიისათვის სამხრეთი კარიბჭე და ეგვტერი-საძვალე მოუშენებია. ტაძრის კორპუსზე ჩრდილო-აღმოსავლეთით მიშენებული წმ. ნიკოლოზის საყდარი 1682 წელს მროველმა ეპისკოპოსმა ფილიპე თაქთაქიძემ ააგო როგორც თაქთაქიძეთა საგვარეულო სამარხი. ამის მაუწყებელი წარწერა მოთავსებულია ეგვტერის კარის ტიმპანზე.

XVIII საუკუნეში თირის მონასტერი და სოფელი ქართლის გამგებლისა (1703-1714 წწ.) და მეფის (1716-1724 წწ.) ვახტანგ VI-ის სამკვიდრო მამული იყო. აქ არის დაკრძალული ვახტანგის შვილი როსტომი. 1811 წელს მონასტერი სამრევლო ეკლესიად გადაკეთდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები