ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა თამაზ გინტურის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა თამაზ გინტურის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე.

თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს კირბალში, ლომისის ეკლესიის სიახლოვეს მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

ის ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, საიდანაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა 3 დღის შემდეგ გაათავისუფლა.

დოთიაშვილი 9 ნოემბერს ერგნეთში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს გადასცეს. როგორც სუს-ის ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთიძემ განაცხადა, ქართული მხარე ლევან დოთიაშვილს მოწმის სტატუსით გამოკითხავს.

,,ბატონი ლევანი გახლავთ ამ მკვლელობის თვითმხილველი და მას გამოკითხავენ მოწმის სტატუსით. როგორც მოგეხსენებათ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. შინაგან საქმეთა სამინსიტრო აწარმოებს გამოძიებას და ამ საკითხებზე განცხადებები გაკეთდება მოგვიანებით… იმისთვის, რომ მკვლელობის ყველა დეტალს მოეფინოს ნათელი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ჩვენებებს, რომელსაც მკვლელობის საქმის მოწმე მისცემს" - განაცხადა ანთიძემ.

რაც შეეხება დაზიანებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი ანთიძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილს დაზიანებები აღენიშნება სახის არეში.

,,როგორც მან გვითხრა, დაზიანება მიიღო დაკავების დროს, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.'' - განაცხადა ანთიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები