ახალი ამბები
,,ჩვენ მანქანაში ვისხედით, მოგვდევდა სროლა სროლით'' - ლევან დოთიაშვილი
თამაზ გინტურის მკვლელობის მთავარი მოწმე ლევან დოთიაშვილი ყვება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯარისკაცი მათ დამიზნებით ესროდა.

მისი თქმით, ეკლესიაში ყოფნის დროს, თავდაპირველად ერთი ჯარისკაცი გამოჩნდა, შემდეგ - რამდენიმე.

"ეკლესიის ეზოში როდესაც ავედით, კარი გავხსენით. რომ გამოვდიოდით, მხოლოდ ერთი რუსი ჯარისკაცი მოვიდა. პირველი გამაფრთხილებელი გასროლა გაისროლა. მე დავუძახე – არ გინდა სროლა, მოვრიგდეთთქო. ნუ, ჩვეულებრივად დაწყნარდა ეს რუსი ჯარისკაცი. ვილაპარაკეთ. კამერა მაქვს ჩართულიო, ამოიღო. შეიძლება გამორთული ჰქონდა ან ჩართულიც იყო, არ ვიცი. ამ დროს, თამაზმაც დაუწყო საუბარი. ჩვეულებრივად, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი, დაწყნარებული საუბარი იყო. შევეკითხე კიდეც წელი, ისიც, ესეც და ამის შემდეგ, თამაზმა მითხრა, დაჯექი მანქანაშიო. მე დავჯექი მანქანაში და თამაზი და ეს მესაზღვრე საუბრობენ. თამაზი ჩვეულებრივად მანქანისკენ გამოვიდა, დაჯდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, როგორც კი დავძარით მანქანა, გამოვიარეთ სამი მეტრი, შეიძლება, და მაშინვე საბურავებში სროლა დაიწყო.''

"პირდაპირ სროლით მოდიოდა ჩვენს უკან ცეცხლსასროლი იარაღით. ჯერ საბურავები და შემდეგ გამიზნული სროლა. ეტყობა რაციაში დაუძახა. ჩვენ მანქანაში ვისხედით შეიძლება დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთო, ყოველ შემთხვევაში არ გაგვიგია, მოგვდევდა სროლა სროლით, ბევრი გაისროლა.''

ლევან დოთიაშვილის თქმით, თამაზ გინტურს სასიკვდილო ჭრილობები მანქანაში ყოფნის დროს მიაყენეს:

,,ერთი თქვა, დამჭრაო და მოგარტყა-მეთქი, ხოო… მე თვითონ ვნახე ნატყვიარები. ზურგის, ხერხემლის არეში. მერე გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე, ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და წამიყვანეს ტყის მიმართულებით. დავინახე, ვინც ისროლა, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ. ვნახე ფოტოები, მაგრამ ვერ ვიცანი… დანარჩენი 7 ამოვიდა 5-6 წუთის შემდეგ, სროლის შემდეგ, თამაზი რომ გადმოვიყვანე და სასწრაფოში დავრეკე და ყველას გავაგებინე. მერე მოვიდნენ და წამიყვანეს'. - თქვა ლევან დოთიაშვილმა.
''
სროლის შემდეგ ტყისკენ, სოფელ ღრომისკენ წაიყვენს: "გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე",- თქვა დოთიაშვილმა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები