ახალი ამბები
თვალადში საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ გამოცხადებული ორი ტენდერი ჩავარდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში სასმელი წყლის ორი პროექტი ჩავარდა.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ორივე ტენდერი ოქტომბერში გამოცხადდა. თუმცა, სამუშაოების გაგრძელების სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა.

ახალი ტენდერის მიხედვით, თვალადში უნდა დასრულებულიყო ის სამუშაოები, რომელიც წინა კომპანიამ მიატოვა და სოფელი უწყლოდ დატოვა.

ამის თაობაზე საპროტესტო აქცია 7 ოქტომბერს გაიმართა.

,,ქართლის ამბები'' ჯერ კიდევ ივლისში წერდა, რომ სოფელ თვალადში სასმელი წყლის პროექტი ჩავარდა. კომპანიამ სამუშაოები მიატოვა. პროექტის განხორციელება 2022 წლის შემოდგომით დაიწყო.

სოფელ თვალადში მოსახლეობას წელს უკვე უნდა ჰქონოდა ჭაბურღილი, სამარაგო რეზერვუარი თავისი მაგისტრალური მილსადენით. ,,თექ ჰაივეის'' ვადა 6-ჯერ გაუხანგრძლივეს.

კასპის მერიასა და კომპანიის დირექტორს შორის იყო მიწერ-მოწერა, სადაც ვკითხულობთ, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ის სპეციალისტებიც არ ჰყავდა, რომლებიც ჭაბურღილს დაამონტაჟებდნენ. ერთ-ერთი წერილით ირკვევა, რომ ქვეკონტრაქტორი რამდენიმე თვის შემდეგ მოძებნეს, თუმცა სამუშაოები მაინც ვერ დასრულდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები