ახალი ამბები
გორის რამდენიმე ქუჩაზე სასმელი წყალი ასფალტზე ამოდის - მიზეზი
გორის რამდენიმე ქუჩაზე - სტალინის, გურამიშვილის, ქუთაისის, თბილისისა და კეცხოველის ქუჩებზე სასმელი წყალი ასფალტზე ამოდის.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, მიზეზი მოძველებული სისტემებია და წნევას ვერ უძლებს.

წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის ფილიალის ხელმძღვანელის, კოტე თავზარაშვილის განცხადებით, წყლის ამოსვლა განსაკუთრებით შესამჩნევია იმ დროს, როდესაც სისტემაში წყალი ახალი გაშვებულია:

,,ზოგჯერ გვიწევს ქალაქის გადაკეტვა გარკვეულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, როდესაც სათავე ნაგებობიდან წყალი სისტემაში ეშვება, თვითდინებით, ამ დროს წნევის ცვლილების გამო, წყალი ზედაპირზე ამოდის და ეს შესამჩნევია'' - ამბობს კოტე თავზარაშვილი.

მისი თქმით, შედგენილია გეგმა-გრაფიკი, თუ რა ვადებში მოხერხდება ძველი მილების გამოცვლა ახლით.

,,ძალიან ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი ქალაქის სხვადასხვა უბნებზე. მოგეხსენებათ. შენდება ახალი კორპუსები, იქაც მიმდინარეობს ახალი მომხმარებლების დაერთება. ეს ყველაფერი მოითხოვს მუშა-ხელს. ამდენი თანამშრომელი არ გვყავს, რომ ყველაფერი ერთდროულად მოხერხდეს.'' - გვითხრა კოტე თავზარაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები