ახალი ამბები
გორში ასფალტის დაგების დროს საკანალიზაციო ჭებში 0.5 მ3 ქვა ჩაყარეს
გორში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ საკანალიზაციო სისტემიდამ 0.5 მ3 სამშენებლო მასალები, კერძოდ ქვები ამოიღეს.

ამის შესახებ ,,ქართლის ამბებს'' გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის წარმომადგენელბმა კოტე თავზარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ახალი კორპუსის მილის დაერთება პრობლემებას შექმნის:

,,მანდ იყო სულ სხვა პრობლემა. რუსთაველის ქუჩაზე გადის საკანალიზაციო მილი, რომელიც არის 500 მმ დიამეტრის ზომის. როდესაც გზას აკეთებდნენ, მშენებლები უდიერად მოიქცნენ და ქვებით ამოასვეს კანალიზაციის მილები. მერე ზემოდან ასფალტი რომ დააგეს, ეგონათ, რომ ეს პრობლემა თავს არ იჩენდა. როცა შეიქმნა პრობლემა, ნახეს ჩვენმა თანამშრომლებმა, რომ სამშენებლო მასალით იყო სავსე. თითქმის ნახევარი კუბი ქვა ამოვიღეთ სისტემიდან'' - განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა.

რამდენიმე დღის წინ, გორში, რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს. მოსახლეობა აცხადებდა, რომ საკანალიზაციო მილს უერთებენ ახალი კორპუსების მილებს, რაც უფრო მეტ პრობლემას შექმნიდა.

კოტე თავზარაშვილის თქმით, ახალი აბონენტების დაერთების შემთხვევაში, საკანალიზაციო მილი თავისი მოცულობით არ შეუქმნის პრობლემას მოსახლეობას, მთავარია მილი იყოს ნარჩენებისგან თავისუფალი.

რაც შეეხება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას, აღნიშნულ ქუჩაზე ახალი ასფალტი 2021 წელს დააგეს, კერძოდ, სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია ,,იბოლია'', რომლის მფლობელი მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე იყო, ხოლო ქალაქის მაშინდელი მერი - კოტე თავზარაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები