ახალი ამბები
ხაშურში მომხდარ ავარიის ფაქტზე მძღოლს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
ხაშური მომხდარ ავარიის ფაქტზე მძღოლს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მძღოლის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა.

ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატებმა მოითხოვეს დანიშნული თავისუფლების აღკვეთის 4 წლამდე შემცირება და შემცირებული სასჯელის პირობითად ჩათვლა. ხოლო პროკურორი ითხოვდა სასჯელის გამკაცრებას.

ავარია 2022 წლის 15 აგვისტოს მოხდა, რასაც ერთი ადამიანის, ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხაშურის პროკურატურის პროკურორის, ბაჩანა ქარქუზაშვილის განცხადებით, 2022 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქალაქ ხაშურში, რკინიგზის სადგურის მხრიდან ბ–ს ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა ,,TOYOTA ALTEZZA“, ავტომანქანით გადაადგილებისას მძღოლმა არ გაითვალისწინა და დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

,,როდესაც იგი მიუახლოვდა აღმაშენებლისა და თ-ს ქუჩების კვეთას, მისგან მარცხენა მხრიდან საავტომობილო გზაზე შევიდა ავტომანქანა ,,Opel corsa“, მითითებული ავტომანქანის დანახვაზე მძღოლმა დაიწყო მკვეთრი დამუხრუჭება და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის წინა ნაწილით შეეჯახა ავტომობილ ,,Opel corsa“-ს მარჯვენა გვერდითა ნაწილში. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეორე ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისმა მგზავრმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.'' - განაცხადა პროცესზე პროკურორმა.

რაც შეეხება პროკურორის მოთხოვნას, რომ გაზრდილიყო სასჯელის ზომა, სასამართლომ განმარტა:

,,ხაშურის სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მისწრაფება შეურიგდეს დაზარალებულს და მზაობა აანაზღაუროს ზიანი), რისი გათვალისწინებითაც ი. ს–ს სასჯელის სახით განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა'' - აღნიშნა მოსამართლემ.

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები