ახალი ამბები
,,თურმე ინჟინერი არ ჰყოლია'' - სატენდერო დავა სასირეთში
კასპის მერიის ცნობით, სოფელ სასირეთში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში ერთ-ერთმა კომპანიამ ფიქტიური ხელშეკრულება წარადგინა.

როგორც შესყიდვების სამსახურში აღნიშნეს, საუბარია კომპანია ,,თამარაშენი 2008-ზე'', რომელმაც სტადიონის მშენებლობის სურვილი გამოთქვა 131 ათასს ლარად.

კომპანიას  სპეციალისტთან (ინჟინერთან) გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა მოეთხოვებოდა. ხელშეკრულება წარადგინა, თუმცა:

,,ჯერ სატელეფონო საუბრის, შემდეგ კი, წერილობითი მიღებული დასტურის შემდეგ, ინჟინერმა განაცხადა, რომ ის არ მუშაობს ხსენებულ კომპანიაში და შესაბამისად ხელშეკრულება არის მცდარი'' - აღნიშნავენ კასპის მერიაში.

კომპანია ,,თამარაშენი 2008-ის'' წარმომადგენელმა კასპის მერიის გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა, რადგან მისი თქმით, შეცდომით წარადგინა ყოფილ თანამშრომელთან გაფორმებული ხელშეკრულება:

,,რეალურად შეცდომა იქნა დაშვებული და ატვირთულ იქნა ყოფილ თანამშრომელთან დადებული ხელშეკრულება, ამიტომ არა თუ დისკვალიფიკაცია უნდა მოგვცემოდა არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის საფუძვლით, არამედ სატენდერო კომისიას უნდა მოეთხოვა დოკუმენტაციის შეცვლა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის საფუძვლით'' - აღნიშნულია საპასუხო წერილში.

ამჟამად, სასირეთში სამუშაოებს სხვა კომპანია ,,დანი ქონსთრაქშენ'' აწარმოებს, რომელმაც სტადიონის ასაშენებლად ყველაზე მაღალი ფასი 144 555 ლარი შესთავაზა კასპის მერიას. ამ კომპანიის ინჟინერია - ლევან დემეტრაშვილი.

ლევან დემეტრაშვილი საკრებულოს ყოფილი წევრია და მანამდე კასპის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში მუშაობდა.

ჯერ კიდევ 2013 წელს საგამოძიებო სამსახურმა ლევან დემეტრაშვილი დააკავა. ის, სხვა პირებთან ერთად, ბრალდებული იყო დიდი ოდენობით თაღლითობისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტზე. გამოძიების ცნობით, მან 2009 წელს შპს "ლებე" დააარსა და ამავე საწარმოს მმართველობაში ფარულად მონაწილეობდა.

,,2013 წლის მარტი-მაისის პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ლევან დემეტრაშვილის ლობირებით ზემოაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს "ლებე"-ს ხელშეკრულებები გაუფორმა. ლევან დემეტრაშვილმა და ბესიკ იორდანაშვილმა დოკუმენტებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდეს შპს "ლებე"-ს მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება. მათ გაყალბებული დოკუმენტაციისათვის კანონიერი ფორმის მინიჭების მიზნით, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გელიაშვილი დაიყოლიეს და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის ყალბი დასკვნა კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინეს, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 70 000 ლარს.'' - ასეთი იყო პროკურატურის ბრალდება 2013 წელს. სასამართლოს საბოლოო განაჩენის შინაარსი ჩვენთვის უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები