ახალი ამბები
,,მანქანები არ გვყოფნის'' - აცხადებს შიდა ქართლის პოლიციის უფროსი
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა პოლიციას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

კერძოდ, გამყოფი ხაზის მიმდებარედ დამატებითი ეკიპაჟების განთავსება გახდა საჭირო. მანქანები სხვადასხვა სოფლების განყოფილებებიდან გაგზავნეს, თუმცა მათი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა, რადგან ავტო-პარკი მოძველებულია და მანქანები დაზიანებულია.

ამის შესახებ მან შს სამინისტროს ეკონომიკური სამსახურის უფროს თეა მელაძეს მიმრთა.

თელის ცნობით, შესაკეთებელია ავტომანქანები, რომელიც პოლიციის დანაყოფების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს:

,,ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, საჭირო გახდა დამატებითი ავტოტრანსპორტის ჩართვა მორიგეობებში, ვერ ხერხდება დაზიანებული ავტომანქანების შეკეთება, რის გამოც პოლიციის სამსახურები ჯეროვნად ვეღარ ასრულებენ მათზედ დაკისრებულ მოვალეობებს'' - აღნიშნავს ვალერი თელია წერილში.

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში იგი გულისხმობს სოფელ კირბალში მომხდარ მკვლელობის ფაქტს, როდესაც რუსეთის სამხედროებმა ადგილობრივი მკვიდრი თამაზ გინტური მოკლეს. მკვლელობის შემდეგ, კირბალში პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები გაგზავნეს.

თელია დაზიანებული ავტომანქანების შესაკეთებლად სასწრაფოდ 10 000 ლარს ითხოვს. მისი წერილით ირკვევა, რომ წლის განმავლობაში არაერთი დაზიანებული მანქანა შეაკეთეს, რის გამოც ლიმიტით გათვალისწინებული თანხა ამოიწურა.

სად და რატომ ზიანდება ამდენი მანქანა, თელია არ აკონკრეტებს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები