ახალი ამბები
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც საქართველოში ჯერ ბინა იყიდა, შემდეგ დაოჯახდა, მუდმივად ცხოვრების უფლება არ მისცეს
რუსეთის მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას პირადი და ოჯახური თავისუფლების უფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ის 2022 წლის ზაფხულში დაქორწინდა, სახელმწიფო სერვისების სააგენტომ, მას საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება არ მისცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქემ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს განხილვისას გაირკვა, რომ ბინადრობის უფლება სუს-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე არ მისცეს.

რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ბინა 2022 წლის მაისში იყიდა, ივნისში დაქორწინდა და იმავე თვეს მუდმივი ცხოვრების უფლება მოითხოვა. 2022 წლის ივნისში სახელმწიფო სერვისების სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ინფორმაცია გამოითხოვა.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 21 ივლისს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს წერილობით აცნობა. ამ წერილის მიხედვით, დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა აღნიშნული მოქალაქისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული წერილის შინაარსი სასამართლო სხდომაზე არ გასაჯაროვდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით.

,,მართალია, მოცემულ შემთხვევაში იზღუდება პირადი და ოჯახური თავისუფლების უფლება, ვინაიდან იგი ვალდებულია გადაწყვეტილების აღსრულებიდან გამომდინარე დატოვოს საქართველო, თუმცა აღნიშნულ შეზღუდვას საფუძვლად უდევს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გამოიხატება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში.'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება:

,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მთავრობას უფლება აქვს დაადგინოს ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი განმცხადებლის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით (Case of Leander v. Sweden). ამასთან, ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს (Lupsa v. Romania). კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს თავისუფლება აკონტროლოს მის ტერიტორიაზე უცხოელის შემოსვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები (Khasanov and Rakhmanov v. Russia, 2022, §93).'' - წერია გადაწყვეტილებაში.

რუსეთის მოქალაქე საქართველოს ტერიტორიას დატოვებს მაშინვე, როგორც კი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები