ახალი ამბები
,,როდის მოვა ლურჯი ავტობუსი?" - გორში SMS-ების სისტემა ამოქმედდება
გორში, მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტო ახალ სერვისს სთავაზობს.

იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ გაიგონ, თუ როდის მოვა ავტობუსი კონკრეტულ გაჩერებაზე, ,,ჯეოსელის'' ხუთნიშნა ნომერზე შეტყობინება უნდა გააგზავნოს.

პასუხად მიიღებს იმ ავტობუსის მოსვლის დროს, რომელიც კონკრეტულ გაჩერებაზე პირველი მოვა.

ახალი სქემის შესახებ ვესაუბრეთ სააგენტოს დირექტორს ზურაბ ჯირკველიშვილს. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკება დასრულებულია ,,ჯეოსელის'' კომპანიასთან. მიმდინარეობს მუშაობა ,,მაგთთანაც''.

,,მაგალითად, გსურს, გაიგო როდის მოვა ავტობუსი ფოსტის გაჩერებასთან. შენ უნდა გააგზავნო შეტყობინება ჯეოსელის ნომერზე.. მიუთითებ გაჩერების ნომერს. ესემესის სახით დაგიბრუნდება პასუხი, რომ მაგალითად ესა და ეს ნომერი ამ გაჩერებაზე მოვა 2 ან 3 წუთში. ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახლიდანაც, სამსახურიდანაც. ასე, რომ მოქალაქეს არ დასჭირდება გაჩერებაზე მისვლა და ტაბლოს ნახვა. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ესემესის სახით მიიღებთ მხოლოდ იმ ავტობუსის მოსვლის დროს, რომელიც კონკრეტულ გაჩერებაზე პირველი მოვა. მომდევნო ავტობუსის მოსვლის დროის გაგება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როგორც კი პირველი ავტობუსი დატოვებს გაჩერებას'' - განმარტავს ზურაბ ჯირკველიშვილი.

ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ეს სისტემა კარგად იმუშავებს და შეცდომის დაშვება დამოკიდებული იქნება მხოლოდ ავტობუსის ტექნიკურ გამართულობაზე:

,,ავტობუსი აუცილებლად იმ დროს მოვა, რაც შეტყობინებაში იქნება დაფიქსირებული, რა თქმა უნდა, თუ რამე არ შეემთხვა ავტობუსს'' - აღნიშნავს ჯირკველიშვილი.

ქალაქ გორში ამჟამად ლურჯი ავტობუსებისთვის 220 გაჩერების ადგილია. ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ არის რამდენიმე გაჩერება, რომელსაც ნომერი ვიზუალურად მინიჭებული არა აქვს, თუმცა ეს პრობლემა აღმოიფხვრება.

,,ეს სისტემა დაზოგავს მოქალაქეების დროს. იმუშავებს ყველა გაჩერებისთვის, მათ შორის, იქაც, სადაც ტაბლოები გამართულად მუშაობს. ამჟამად, სატესტო რეჟიმში მუშაობს. როგორც გითხარით, ამ ეტაპზე მხოლო ჯეოსელის მომხმარებლებისთვისაა გათვალისწინებული, თუმცა, ვმუშაობთ კომპანია მაგთთანაც'' - დასძენს ჯირკველიშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები