ახალი ამბები
გორში ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტების უკანონოდ გაცემისთვის ერთ-ერთ დაწესებულებას საქმიანობა აეკრძალა
ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ.

დაწესებულებებს შორის, შპს ,,ამბულატორიული კლინიკის'' გორის ფილიალიც მოხვდა.

სამინისტროს ცნობით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, “შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს, უკანონოდ ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ.

,,აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ მიმდინარე წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტის 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით 50%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დანიშნულების გაცემისას, არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს.

,,აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა. აღნიშნული დაწესებულის 3 ექიმს, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა. მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა. საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.'' - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები