ახალი ამბები
ახალი კორპუსები, საოფისე ფართები, სპორტკომპლექსები - ბამბეულის ყოფილი კომბინატის ტერიტორია გასაყიდად მზადდება
გორის მერიის ცნობით, ყოფილი ბამბეულის კომბინატის ტერიტორიაზე მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

ამისათვის, 216 604 კვ.მ ფართობის ტერიტორია გასაყიდად მზადდება. ამ ტერიტორიაზე შედის 6 შენობა-ნაგებობაც, რომელიც 1990-იან წლებამდე ბამბეულის კომბინატს წარმოადგენდა.

ამ ტერიტორიაზე ,,ინვესტიციის განხორციელება გულისხმობს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, კერძოდ, საცხოვრებელ კორპუსებს, სასტუმროს, საოფისე ფართებს, კვების ობიექტებს, სკოლას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსს და რეკრეაციული პარკის მოწყობას, სადაც დაირგვება სულ ცოტა 1000 ხე.'' - აღნიშნავენ გორის მერიაში.

ტერიტორიას თავის შენობებიანად აუქციონზე უახლოეს მომავალში გაიტანენ. საწყისი ფასი 13,5 მლნ ლარი იქნება.

რაც შეეხება პირობას:

,,მყიდველმა უნდა განახორციელოს მინიმუმ 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიცია, პრივატიზებიდან 7 წლის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წარმოადგინოს ანგარიში გახარჯული ინვესტიციის ოდენობის შესახებ, რაც დადასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დიდი ათეულის აუდიტორული კომპანი(ებ)ის (Deloitte, PwC, EY, KPMG, BDO, Grant Thornton, RSM, Crowe Horwath, Nexia International, Baker Tilly) შესაბამისი დასკვნით.'' - აღნიშნავენ მერიაში.

ქვემოთ ფოტოზე ჩანს ტერიტორია, სადაც 50 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალება მყიდველს.



,,ახალი უბანი'' კომბინატის დასახლებაში

კომბინატის დასახლების შესახებ საუბარია ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმის პროექტში, რომელიც ჯერ არაა დამტკიცებული საკრებულოს მიერ. ამ დოკუმენტში ვკითხულობთ:

,,ბამბეულ-ქსოვილის კომბინატის დასახლება ტიპიური საბჭოთა საცხოვრებელი უბანია, რომელიც კომბინატის მუშებისათვის აშენდა. ის "მოწყვეტილია" ქალაქის ძირითად სტრუქტურას და ერთადერთ კავშირს მშვიდობის გამზირისა და ჭავჭავაძის გამზირის შემაერთებელი ხიდი წარმოადგენს. კომბინატის მთავარ ღერძს მშვიდობის გამზირი წარმოადგენს. აქვე მდებარეობს ყოფილი კულტურის სახლი, რომელსაც დღესაც შენარჩუნებული აქვს საკონცერტო დარბაზის ფუნქცია. მის წინ მდებარე მოედანი კი საზოგადოებრივი თავშეყრის აქტიური ადგილია, მათ შორის, პოლიტიკური აქტივობების ჩასატარებლად. დასახლების განაშენიანება ძირითადად ე.წ. "ხრუშჩოვკებისაგან" შედგება, თუმცა არის ოთხი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც. უბანი უზრუნველყოფილია საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურით.'' - ვკითხულობთ პროექტის თანდართულ დოკუმენტში.

სწორედ, კომბინატის დასახლებაში, მდინარე მტკვრის მხარეს მდებარეობს ყოფილი ბამბეულის ქსოვილების კომბინატი, რომელიც დღეს მთლიანად დანგრეულია. ექსპერტები, რომლებმაც გორის გენგეგმის პროექტი შეადგინეს, ვარაუდობენ, რომ ბამბეულის ყოფილი კომბინატის ტერიტორიაზე შესაძლოა, გაჩნდეს ,,ახალი უბანი'', რადგან ამ ტერიტორიას მაღალი ქალაქთმშენებლობითი ღირებულება გააჩნია:



,,საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქ. გორის ინდუსტრიული საწარმოების დიდმა ნაწილმა ფუნქციონირება ან სულ შეწყვიტა ან მასშტაბი შეამცირა. შედეგად, ქალაქის ტერიტორიაზე მიტოვებული ერთეულები გაჩნდა. ეს ტერიტორიები ხასიათდება მაღალი ქალაქთმშენებლობითი ღირებულებით, რადგან მნიშვნელოვანი კომუნიკაციებისა და ობიექტების (რკინიგზა, ქალაქის ცენტრი, მდინარის ნაპირები და ა.შ.) მიმართ ხელსაყრელი მდებარეობა აქვთ და უზრუნველყოფილი არიან საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურით. ეს არეალები საჭიროებს სამომავლო განვითარებითი ფუნქციების განსაზღვრას. ასეთი ტერიტორიებიდან უმნიშვნელოვანესია ბამბის კომბინატისა და ძველი წყალგამწმენდის ტერიტორიები, რომლებიც შესაბამისად ქალაქის დასავლეთ და ჩრდილოეთ არეალებშია განთავსებული'' - წერია დოკუმენტში.

ექსპერტები თვლიან, რომ საჭიროა ქალაქში არსებული ყოფილი ინდუსტრიული მიწების (ე.წ. ბრაუნფილდების) ხელახალი გამოყენების სტიმულირება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სოციალური მომსახურების ობიექტების გარეშე.

,,მიწათსარგებლობის გენერალურმა გეგმამ უნდა შეიმუშავოს ბრაუნფილდების მართვის ისეთი მექანიზმი, რომელიც ქალაქს საშუალებას მისცემს თანმიმდევრული იყოს ამ ტერიტორიებზე განვითარების დაგეგმვისას. ბრაუნფილდების ახალი ფუნქციის შერჩევისას, გათვალისწინებული უნდა იყოს მათი წვდომის არეალში სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დეფიციტის აღმოფხვრა. საჭიროების შემთხვევაში, ბრაუნფილდების ტერიტორიები უნდა დარეზერვდეს პირველადი სოციალური მომსახურების ობიექტების მშენებლობისათვის.'' - ვკითხულობთ დოკუმენტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები