ახალი ამბები
გორში ,,ქართლის ქუჩის'' გარემოვაჭრეებმა გაფრთხილების წერილები არ ჩაიბარეს
გორში ,,ქართლის ქუჩის'' გარემოვაჭრეებმა გაფრთხილების წერილები არ ჩაიბარეს.

მათი თქმით, უცნობია, იმ განცხადების შინაარსი, რომელიც გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოაქვეყნა.

გაფრთხილების წერილებში კი, მერიის მუნიციპალური ინსპექცია დაჯარიმებით და ქონების კონფისკაციით ემუქრება.

5 დეკემბერს გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თანამშრომლებმა იმ გარემოვაჭრეებს, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სხვადასხვა ქუჩაზე, ვაჭრობენ, გაფრთხილების წერილები დაურიგა.

წერილების მიხედვით, გარემოვაჭრეებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მათი დაჯარიმება და ქონების კონფისკაცია:

,,გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ უნებართვო გარევაჭრობა ითვლება სამართალდარღვევად და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სამართალდამრღვევი დაჯარიმდება კანონის შესაბამისად და მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153 - ე მე - 3 პრიმა მუხლის შესაბამისად).'' - აღნიშნულია გორის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

ჯერ კიდევ, 2023 წლის ოქტომბერში ცცნობილი გახდა, რომ გორში, გარე ვაჭრობის უნებართვო საქმიანობით ჩამორთმეული ქონება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრება ხდება.

ჩამორთმეული ქონება გადაეცემა იმ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა და დახმარება.

აღნიშნული ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის, რომელიც ძალაში 2023 წლის 25 ოქტომბრიდან შევიდა.

მერიის ცნობით, ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ქონების მიმღები პირი, უნდა განიკარგოს ან განადგურდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები