ახალი ამბები
გორში, კასპსა და ხაშურში საახალწლო ღონისძიებებს მთავრობის დავალებით ჩაატარებენ
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, შიდა ქართლში, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიება ,,ახალი წლის დღეები საქართველოში'' ფარგლებში ტარდება.

ამ მიზნით, გორის მუნიციპალიტეტს მთავრობამ 99 999 ლარი, კასპს - 99 996 ლარი, ხოლო ხაშურს - 150 000 ლარი გამოუყო. ჩამონათვალში არ მოხვდა ქარელი.

გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დავალებით, დაგეგმილია საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების (კონცერტები; საშობაო ბაზრობების, გამოფენა-გაყიდვების, საბავშვო გასართობი სივრცეების, ფოტოგადასაღები ზონებისა და საახალწლო ინსტალაციების მოწყობა; მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების თოვლის პაპასთან შეხვედრის ცერემონია, ფოიერვერკი და სხვა) ჩატარება.

გორის მუნიციპალიტეტში აღნიშნული ღონისძიების გამართვა დაგეგმილია 2023 წლის 28 დეკემბერს. ხაშურში - 30 დეკემბერს, კასპში კი - 24 დეკემბერს.

გორში გარკვეული სახის ღონისძიებები უკვე ჩატარდა. თეატრის ბაღში მოეწყო ,,ლაპლანდია''. მსგავსი სახის ღონისძიებები მიმდინარეობს ხაშურსა და კასპში.

რატომ არ მოხვდა 30 მუნიციპალიტეტს შორის ქალაქი ქარელი, ჯერ უცნობია.

,,ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაული არის წლის მთავარი მოვლენა, ყველაზე მასშტაბური საზეიმო დღესასწაული, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება სხვადასხვა საზეიმო შოუ-პროგრამებითა და ღონისძიებებით და მასში ჩართულია ყველა ასაკის მოქალაქე.'' - აღნიშნავენ გორის მერიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები