ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორიდან გიორგი დარჩიაშვილი გაათავისუფლეს
,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.'' - იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

საქართველოს მოქალაქე ერგნეთში, დღეს, საღამოს საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს.

სუს-ის ცნობით, ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში 5 მოქალაქე რჩება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, 1986 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გიორგი დარჩიაშვილმა ნასვამ მდგომარეობაში განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი, ცხინვალის რაიონის სოფელ ანდორეთთან..

გიორგი დარჩიაშვილმა გადაიხადა ჯარიმა 50 ათასი რუბლის ოდენობით (დღევანდელი კურსით 1466 ლარი) , რის შემდეგაც გააძევეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საზღვრებს გარეთ.

,,გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ამავე განცხადებაშ ვკითხულობთ, რომ ,,საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.''
Print

სტატიის გამოყენების პირობები