ახალი ამბები
,,გორმედი'' სახელის რებრენდინგს გეგმავს
უახლოეს მომავალში ,,გორმედის'' სამივე ფილიალი - გორის, ხაშურისა და ქარელის კლინიკები ერთი სახელის ქვეშ გაერთიანება.

ამის შესახებ განცხადებას საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ეს ყველაფერი კეთდება ,,ადამიანებთან უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის და კლინიკის ღირებულებების უფრო მკაფიოდ გამოხატვის მიზნით''

პარალელურად, ,,გორმედი“ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას შეეცდება. კლინიკის ხელმძღვანელობამ ბელგიის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოსთან - EURO MEDI INTERNATIONAL – თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

,,საერთაშორისო აკრედიტაცია გულისხმობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ემსახურება პაციენტების უსაფრთხოების დაცვას, მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით სერვისის განვითარებას. საერთაშორისო აღიარება უდავოდ არის სრულფასოვანი, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების გარანტი.'' - აღნიშნავენ კლინიკაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული სააკრედიტაციო ორგანო ,,ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ (ISQua/IEEA) აკრედიტებული წევრია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. EURO MEDI INTERNATIONAL-ის მიერ აკრედიტებულია მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრები.

შეგახსენებთ, 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე საავადმყოფოს რეანიმაციულ და ქირურგიულ განყოფილებებში პაციენტების მიღება აკრძალული იყო. როგორც კლინიკის ადმინისტრაცია ადასტურებს, ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ახალი სანებართვო პირობები დაამტკიცა რეანიმაციული და ქირურგიული სერვისების მიმწოდებლებისთვის.

,,სწორედ ამიტომ, სამედიცინო ქსელის დაწესებულებებმა (გორში, ქარელში, ხაშურში) ბოლო 2 თვეში ინფრასტრუქტურული ცვლილებები განახორციელა და სრულად განაახლა სამედიცინო აპარატურა, რაც ნამდვილად ახალი შესაძლებლობაა სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებისთვის. ამ ხნის განმავლობაში, პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამედიცინო ქსელი რეანიმაციული და ქირურგიული მიმართულებით პაციენტების მიღებას არ ახორციელებდა. 1-ლი დეკემბრიდან კი ორივე მიმართულებით პაციენტების მიღება განახლდა და კლინიკამ უკვე ათობით პაციენტს გაუწია სტაციონარული მომსახურება.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები