ახალი ამბები
,,დამატებითი შემოსავალი გვაქვს ქონებისა და დღგ-ს გადასახიდან'' - რატომ გაჩნდა თავისუფალი ნაშთი გორის ბიუჯეტში
გორის 2023 წლის ბიუჯეტი, შემოსავლების ნაწილში, შესაძლოა 100%-ზე მეტით შესრულდეს. საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის, დალი ტლაშაძის თქმით, მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლების მობილიზება ქონებისა და დღგ-ს გადასახადის ნაწილში.

აღნიშნული თანხა, თავისუფალი ნაშთის სახით გორის ბიუჯეტში დარჩება, რომელიც გადანაწილდება 2024 წელს.

,,დღევანდელი მდგომარეობით, ქონების გადასახადი გადაჭარბებითაა შესრულებული. დამატებით, შემოსავლებს ველოდებით ასევე დღგ-ს გადასახადიდან. მონაცემებს უკვე ვიღებთ 15 რიცხვიდან. ამიტომ, ჩვენი გათვლებით, დამატებითი შემოსავლების სახით, გვექნება 3 მლნ ლარი.'' - აღნიშნავს დალი ტლაშაძე.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინ იყო, თუმცა, როგორც დალი ტლაშაძე იხსნებეს, ბოლო წლებში შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსი არ ირღვეოდა.

საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, დამატებით შემოსული თანხა თავისი შინაარსით აუთვისებელი ნაშთია, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ მერიას, ხარჯების ნაწილში, რაიმე თანხა დარჩა აუთვისებელი:

,,ყველა პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო, მისი ხარჯვითი ნაწილი გეგმის მიხედვით ხორციელდება. მოგეხსენებათ, ხარჯები იგეგმება შემოსავლების მიხედვით. ზოგადად, თუ ბიუჯეტის შემოსულობები შესრულდა 85%, ესეც კარგია. მაგრამ წელს გვაქვს შემთხვევა, რომ შემოსულობები 100%-ზე მეტი იქნება'' - განმარტავს დალი ტლაშაძე.

გორის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობები დაგეგმილია დაახლოებით 77 მლნ ლარით. 2023 წლის ბიუჯეტის თავისუფალ ნაშთთან ერთად, მომავალ წელს მოსალოდნელია 80 მლნ ლარის მობილიზება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები