ახალი ამბები
ალკოჰოლიზმი და დამოკიდებულება - ფსიქოლოგის რჩევები
ყველგან და ყველა ეპოქაში ალკოჰოლიზმი აღიარებულია მნიშვნელოვან პრობლემად, ზოგჯერ მძიმე სენადაც კი გვევლინება. საქართველოშიც სმის კულტურა, რომელიც ღვინის ძირძველ ტრადიციებთან არის კავშირში, ხშირად ბოროტად და შეუსაბამოდ  გამოიყენება. ალკოჰოლიზმი ერთ-ერთი ისეთი დაავადებაა, რომელიც ცდილობს ჯიუტად დაგარწმუნოს, რომ შენ ის არ გაქვს. მიჩვევა თანდათანობით ვითარდება, რაც ბუნებრივია.

ალკოჰოლიზმის სამი ეტაპი არსებობს: პირველი არის ალკოჰოლის მოთხოვნილების გაჩენა, მეორე არის გაძლიერებული მოთხოვნილება, მესამე - ალკოჰოლის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება. პიროვნების დეგრადაცია იწყება პირველ ეტაპზევე. ყველა ეტაპზე რთულია აკონტროლო თავი და მიღებული სასმელის რაოდენობა.

თვალსაჩინოებისთვის ჩამოვთვალოთ ალკოჰოლიზმის ნიშნები და სიმპტომები:


• ალკოჰოლის რაოდენობის კონტროლის უუნარობა;
• ალკოჰოლის მიღების ძლიერი, კომპულსიური სურვილი;
• ტოლერანტული ეფექტი ალკოჰოლზე, ანუ მეტის მიღება იმავე ეფექტის მისაღწევად;
• ალკოჰოლის მიღება მარტო ყოფნისას, დამალვა;
• ფიზიკური მიჩვევა და აბსტინენციის სიმპტომები – გულისრევა, ოფლიანობა, კანკალი;
• საუბრების ან დაპირებების დავიწყება, “გათიშვა”;
• ალკოჰოლის მიღების დროის “რიტუალიზაცია” და ამ რიტუალების მკაცრი დაცვა;
• გაღიზიანება, როცა ალკოჰოლის მიღება გსურთ და სასმელი არ გაქვთ;
• ალკოჰოლური სასმელის უჩვეულო ადგილებში შენახვა სახლში, სამსახურში ან ავტომობილში;
• დალევა იმისათვის, რომ თავი „ნორმალურად” იგრძნოთ;
• პრობლემები კანონთან, ურთიერთობებში, სამსახურში, ფინანსებთან;
• აქტივობებისა და ჰობის მივიწყება, რომელიც მანამდე სიამოვნებას გგვრიდათ;
• თუ იღებთ ჭარბ ალკოჰოლს, შეიძლება გქონდეთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, მაგრამ არა იმ სიმძიმით, როგორც ქრონიკულ ალკოჰოლიკებს. ასევე, შეიძლება არ გქონდეთ ფიზიკური მიჩვევისა და აბსისტენციის სიმპტომები. ამის მიუხედავად, ჭარბი მიღება შეგიქმნით პრობლემებს და გადაიქცევა ალკოჰოლიზმად. ისევე, როგორც ალკოჰოლიზმის დროს, ჭარბი მიღებისასაც შეიძლება გაგიჭირდეთ თავის დანებება დახმარების გარეშე.



უნდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი ბიო-ფსიქო-სოციალური არსებაა, შესაბამისად, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის როგორც ბიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური და სოციალური ურთიერთობების ნაწილზე. ძლიერმა სმამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ღვიძლი, კუჭი, გული, ტვინი და ნერვული სისტემა. ასევე, ზედმეტი ალკოჰოლი არღვევს ტვინის ქიმიური ნივთიერებების ნორმალურ ბალანსს და ცვლის სიამოვნების, ქცევის კონტროლის, სწორი შეფასების აღქმას. ეს შეიძლება გამოიხატოს ალკოჰოლის მიღების დიდი სურვილით დადებითი გრძნობების მისაღებად ან უარყოფითი შეგრძნებების თავიდან ასარიდებლად. ის ასევე ზრდის პირის ღრუს, ყელის, ხორხის და საყლაპავის კიბოს რისკს. შეიძლება განვითარდეს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი.

ინგლისელი მწერალი ჩარლზ რიდი მისივე წიგნში „სრულყოფა არასდროს არის გვიან“, წერს:

„დათესავ აზრს და მოიმკი ქცევას,
დათესავ ქცევას და მოიმკი ჩვევას,
დათესავ ჩვევას და მოიმკი ხასიათს,
დათესავ ხასიათს და მოიმკი ბედს“.

ეს ნაწყვეტი ნათლად გვიჩვენებს, რომ ადამიანი თავისი ცხოვრების შემოქმედი თვითონ არის და იქით მიყავს თავისი აზრებით თავისი ბედი და ხასიათი, საითაც მას სურს, ან გარემოებებს მასზე ბატონობის უფლებას აძლევს და ამ ბრძოლაში ნებდება. აქვე ვიტყვი, რომ დანებება ნებით დამარცხებაა. გამარჯვება კი ნებით ბრძოლის მოგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსმელმა და მისმა ახლობლებმა აღიარონ, რომ პრობლემა არსებობს. ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება ამ მდგომარეობის გამოწვევის მხოლოდ ფოთლებია. ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული ავარიებისა და ძალადობის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. საინტერესოა, რამდენს ვსვამთ ჩვენ? სვამთ იმ სიტუაციებში, როცა სიფხიზლის შენარჩუნება და სწრაფი რეაქციაა აუცილებელი? ან სმის გამო პრობლემები ხომ არ გაქვთ ოჯახში ან სამსახურში? ან სმის გამო ხომ არ დაგვიკარგავს ძველი ერთგული მეგობრები? ან სმის გამო ხომ არ გვითქვამს უარი ძვირფას ადამიანებთან დროის გატარებაზე? თუ ვაღიარებთ, რომ ალკოჰოლის ის რაოდენობა, რასაც ვიღებთ, შესაძლოა სახიფათო იყოს და სასმელის რაოდენობას შევამცირებთ, ეს სერიოზული პრობლემების თავიდან აცილების საუკეთესო გზა იქნება.

ტრადიციულად ის, ვისაც გადაჭარბებული მოთხოვნილება აქვს ალკოჰოლზე, არ აღიარებს ამ პრობლემის არსებობას. ხშირად მომისმენია „ისე ვსვამ, როგორც ყველა“; „შემიძლია აღარ დავლიო, თუ არ მინდა“, „ ვაკონტროლებ ჩემს თავს, რამდენიც გინდა მქონდეს დალეული“, „ხომ არავის ვავნებ ამით საკუთარი თავის გარდა და ვსვა, რა პრობლემაა?“. ასევე ვხვდებით ამბივალენტურ მდგომარეობას, როდესაც ადამიანს სურს გამოასწოროს შეცვლა, მაგრამ „ვერ ახერხებს“- „მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლს კინაღამ ვემსხვერპლე ავარიით, ჩემს თავს ალკოჰოლიკს არ ვუწოდებდი. ამიტომ არასოდეს მიცდია ამ ჩვევის მიტოვება“, — ამბობს ალკოჰოლ დამოკიდებული. „ბევრჯერ ვცადე სასმელის მიტოვება, თუმცა თავს არ ვუტყდებოდი, რომ ალკოჰოლიკი ვიყავი. სმასთან დაკავშირებულ პრობლემებს სერიოზულად არ მივიჩნევდი“, — იხსენებს ყოფილი ალკოჰოლიკი.

როგორ შეიძლება სმის პრობლემის მოგვარება მოხდეს?

პირველი, ადამიანმა უნდა აღიაროს, რომ მისი პრობლემები გადამეტებული ალკოჰოლის მოქმედების შედეგია და სასმელზე უარის თქმის შემთხვევაში მისი ცხოვრების კმაყოფილების ხარისხი გაუმჯობესდება. საჭიროა ადამიანმა აზროვნება და აღქმა შეიცვალოს დამოკიდებული ობიექტის მიმართ.

დაფიქრდი და უყურე შენს აზრებს, ისინი სიტყვებად იქცევიან, უყურე შენს სიტყვებს, ისინი მოქმედებებად იქცევიან, უყურე შენს ქმედებებს, ისინი ჩვევებად იქცევიან, უყურე შენს ჩვევებს, ისინი შენს ხასიათად გვევლინებიან და ეს ხასიათი ხშირად უნებურად ვნებს გარშემომყოფ ადამიანებს განსაკუთრებით ოჯახს, მშობლებს, მეუღლეს, შვილებს და ა.შ. თუ გსურთ, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულ პიროვნებას აზროვნების შეცვლაში დაეხმაროთ, მაშინ უნდა იქონიოთ მასთან არა განსჯითი დამოკიდებულება, რომლებიც მას გრძნობებისა და ემოციების თავისუფლად გამოხატვაში დაეხმარება.

თუ თანაგრძნობით მიუდგებით და გაუგებთ, ის იგრძნობს, რომ გესმით მისი. ურჩიეთ ფსიქოლოგის და ფსიქიატრის კონსულტაცია. განუმარტეთ და შეახსენეთ, რომ მენტალური ჯანმრთელობა მისი კეთილდღეობის ერთერთი ძირითადი საძირკველია. გაუზიარეთ სხვა ადამიანის მაგალითები, შეაქეთ და გაამხნევეთ, უთხარით, რომ მას აქვს შესაძლებლობა და ძალა გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. შესაძლოა ასევე დამხმარე იყოს ორი კითხვა: „რა მოხდება, თუ კვლავ განვაგრძობ სმას?“ და „რა მოხდება, თუ სმას თავს დავანებებ?“ - სთხოვეთ, დაფიქრდეს თუნდაც მარტო და მისთვის სასურველი პასუხი გაგიზიაროთ.

როდესაც ვინმე ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებას იწყებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უვარგისია ან შეუძლებელია მისი გამოსწორება და სწორ გზაზე დაყენება. ზოგს შეუძლია სხვისი დახმარების გარეშე მიატოვოს სმა, მაგრამ ხშირად ალკოჰოლზე დამოკიდებულ პიროვნებებს სმის მისატოვებლად მკურნალობა სჭირდებათ და ეს მკურნალობა კომბინირებულად უნდა მოხდეს, ფსიქიატრის, ნერვოლოგის და ფსიქოლოგის ერთობლივი მუშაობით!

თემურ სამხარაძე
ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ტრენერი,
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი (მიმდინარე)
მენტალური ჯანმრთელობის სპეციალსტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები