ახალი ამბები
აუდიტის დასკვნით, გორისციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი დარღვევით ჩატარდა
სახელმწიფო აუდიტის ცნობით, გორისციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი დარღვევებით ჩატარდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ დისკვალიფიკაცია მისცა კომპანიას, რომელსაც შეუსაბამო მოთხოვნები წაუყენეს. ხოლო გამარჯვებულად სხვა კომპანია გამოაცხადეს.

როგორც ,,ქართლის ამბები'' წერდა, გამარჯვებულმა კომპანიამ გორის ციხის რეაბილიტაციისთვის კირქვის ნაცვლად, ბეტონის ნარევი გამოიყენა, რაც სპეციალისტებისთვის მიუღებელი იყო. 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ამ ტენდერით სახელმწიფომ 42 300 ლარის ეკონომიის შესაძლებლობა დაკარგა.

დასკვნაში ვკითხულობთ:



გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2018 წლის 11მაისს სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი (NAთ180007282), შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 350.0 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, რომლებმაც დააფიქსირეს სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები: შპს "აბაჯგუფი" - 302.6 ათასი ლარი, შპს "შორეთელი ჰოლდინგ გრუპი" - 344.1 ათასი ლარიდა შპს "არქიტექსი" - 344.9 ათასი ლარი.

სატენდერო წინადადების დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს (შპს "აბა ჯგუფს") სატენდერო კომისიამ მოსთხოვა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. კერძოდ, პრეტენდენტს უნდა წარედგინა წერილობით დადასტურებული ვალდებულება საგარანტიო პერიოდში წუნის აღმოფხვრის თაობაზე და დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა, რისთვისაც სატენდერო კომისიამ განუსაზღვრა ერთი სამუშაო დღე (კანონმდებლობით განსაზღვრულია მაქსიმუმ სამი სამუშაო დღის ვადა).

პრეტენდენტმა ორ სამუშაო დღეში დააზუსტა ტექნიკური დოკუმენტაცია და შედეგად დისკვალიფიცირებულ იქნა. სხვადასხვა მიზეზით დისკვალიფიცირებულ იქნა ასევე შემდეგი დაბალი ფასის მქონეპრეტენდენტი - შპს "შორეთელი ჰოლდინგ გრუპი".

ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სატენდერო წინადადების ყველაზე მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტი შპს "არქიტექსი", რომელთანაც 2018 წლის 4 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 344.9 ათასი ლარი.

,,სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება შპს "აბა ჯგუფის" დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეიცავს შემდეგი სახის ნაკლოვანებებს: - როგორც ზემოთ არის აღნიშნული, საგარანტიო ვადის განმავლობაში წუნის აღმოფხვრის ვალდებულების წერილობით დადასტურება წარმოადგენს პრეტენდენტის მიმართ წაყენებულ შეუსაბამო მოთხოვნას.'' - აღნიშნულია დასკვნაში.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები