ახალი ამბები
გორში მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი გაამართლეს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 33 წლის ასაკის ბრალდებული, რომელსაც გორში, მამაკაცის დაჭრაში ედებოდა ბრალი, უდანაშაულოდ სცნეს.

გადაწყვეტილების მიხედვით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ დანებზე ბრალდებულის ნიმუშები არ აღმოჩნდა.

აღნიშნული დანები გორის პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ,,ამოიღო'' და საქმეს დაურთო:

,,ბიოლოგიური (გენეტიკურ, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნებით შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანებზე აღმოჩენილი კვალი არ ეკუთვნის ბრალდებულს. სხვა შემთხვევაში, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.'' - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

გორის პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძე ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა იმაში, რომ დანაშაული სწორედ დაკავებულმა ჩაიდინა. მისი განცხადებით, ბრალდებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება სწორედ ამ დანებით მიაყენა დაზარალებულს.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დაზარალებული რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას ოპერაცია ჩაუტარეს. გამოჯანმრთელების შემდეგ განაცხადა, რომ ის კიბეზე დაგორდა და არ იცის, ჭრილობა როგორ მიიღო. მოწმის სახით დაიკითა ასევე ოჯახის მასპინძელი, რომელიც ბრალდებულსა და დაზარალებულს მასპინძლობდა. მისი განცხადებით, ორივე მათგანი სახლიდან მშვიდობიანად გაისტუმრა, თანაც ადგილი რაიმე კონფლიქტს არ ჰქონია.

,,წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით, ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ვერ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით'' - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბერის გადაწყვეტილებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები