ახალი ამბები
გორში სათამაშო პისტოლეტით გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი დააყაჩაღეს
გორში, გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა 3 იანვარს, წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.

პროკურორის განცხადებით, 21 წლის მამაკაცი სათამაშო პისტოლეტით გაზგასამართი სადგურის ოპერატორს თავს დაესხა და წაართვა თანხა.

დაკავებული ქარელიდანაა.

ბრალდებული გორის სასამართლოში დღეს, 5 იანვარს წარადგინეს. სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა ადვოკატმა ვაჟა სუხიტაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა.

ადვოკატის ცნობით, ბრალდებულს არ ჰყავს მშობლები, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს მინიმუმ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. სასამართლომ წინასწარი პატიმრობის გარეშე, ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო პატიმრობის შემდეგ, 3 წელი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები