ახალი ამბები
კასპში პოლიციის შენობას ბოთლი ესროლეს - დააკავეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი
კასპში პოლიციის შენობას ბოთლი ესროლეს. დააკავეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი.

პროკურორის განცხადებით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა 3 იანვარს ღამით ჯერ ბოთლი ესროლა შენობას, შემდეგ კი - პოლიციის თანამშრომლებს აგინა.

ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით, გორის სასამართლოში დღეს მიიყვანეს. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და თანახმაა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმდეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს: პოლიციელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

პროკურორი დაეთანხმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის გარეშე მიუსაჯეს 2 წელი პატიმრობა და 3 წელი პირობითი მსჯავრი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები