ახალი ამბები
რუისის სიახლოვეს მომხდარ ავარიის ფაქტზე ტრაილერის მძღოლი დააკავეს
შიდა ქართლის პოლიციამ რუისის სიახლოვეს მომხდარ ავარიის ფაქტზე ტრაილერის მძღოლი დააკავა.

პროკურორ შორენა მგალობლიშვილის განცხადებით, დაკავებულს ბრალი პროკურატურამ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით წაუყენეს. მისი განმარტებით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მგალობლიშვილმა წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.

ბრალდებულის ადვოკატის, გიგა მოსაშვილის განცხადებით, ბრალეულობის დასამტკიცებლად პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია, რაც არსებითი განხილვის დროს გამოიკვეთება. მანამდე კი, ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენება მოითხოვა:

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული არ მიემალება გამოძიებას, პირიქით, ეხმარება დაზარალებულებს.

დაკავებული მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, 40-წლიანი გამოცდილება აქვს გადაზიდვებში და არასდროს მოსვლია არა თუ ავარია, არამედ ადმინისტრაციული ჯარიმაც კი არასდროს დაკისრებია.



რა მოხდა 5 იანვარს? როგორც დაკავებულების ახლობლებს აქვს ინფორმაცია, სამგზავრო მიკროავტობუსი გაჩერებული იყო სათადარიგო ზოლში მგზავრების ჩამოსაყვანად. შემდეგ კი ცდილობდა მთავარ გზაზე გასვლას.

დაკავებულის ახლობლების ცნობით, შეჯახება სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი სათადარიგო ზოლიდან მთავარ გზაზე გასვლას ცდილობდა. ტრაილერი მიკროავტობუსს უკანა მხრიდან შეეჯახა. შეჯახების შემდეგ მიკროავტობუსი წინ მდგარ სხვა სატვირთო ავტომანქანას ინერციით შეეჯახა. შედეგად, დაიღუპა მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა 70 წლამდე ასაკის ქალი - მიკროავტობუსის მგზავრი. დაშავდა 7 ადამიანი.

პროკურორ შორენა მგალობლიშვილს ვკითხეთ, ნამდვილად გზა გადაუჭრა თუ არა მიკროავტობუსმა ტრაილერს. პროკურორის თქმით, ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნით, ავარია ტრაილერის მძღოლმა გამოიწვია. თუმცა, დასკვნა არ გვაჩვენა.

მოსამართლე დავით მაკარიძემ პროკურორ შორენა მგალობლიშვილის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდებულს გირაო შეუფარდა - 20 000 ლარის ოდენობით, ასევე, საბოლოო განაჩენის დადგომამდე მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა:

,,ვითვალისწინებ იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ხასიათდება დადებითად, არ ყოფილა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ასევე გამოხატავს სინანულს გაუფრთხილებლობით მომხდარ ქმედებაზე, რაც გულისხმობს უფრო მეტ დაკვირვებას გზაზე მოძრაობის დროს. მნიშნელოვანია ისიც, რომ ამ ეტაპზე არ იკვეთება ისეთი დაუდევრობა, რაც სხვა შემთხვევებში გვინახავს. რა შეიძლება გააკეთოს ამ შემთხვევაში სასამართლომ? არის საკმარისი გირაო იმისათვის, რომ გამოძიების პროცესში მძღოლი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს? სწორედ, პრევენციული ღონისძიებისთვის დროებით შევუჩერე სატანსპორტო საშუალების მართვა. როცა ორი ადამიანია გარდაცვლილი, არც 5 ათას ლარიანი გირაოა საკმარისი'' - განმარტა გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ.

ბრალდებული გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება წინასწარი პატიმრობიდან. არსებითი განხილვა კი თებერვლის ბოლოდან დაიწყება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები