კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მუნიციპალიტეტის გამგებლის
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური
ავრცელებს.
გამგებლის სათათბირო ორგანოში ადგილობრივი ბიზნესმენები, განათლების
მუშაკები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაწევრიანდნენ.
პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
არის გამგებლის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტის
გამგებლის ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ 86 -1 მუხლის შესაბამისად.
სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა საბჭოს
წევრებს, მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული და 2016
წელს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტული სამუშაოები გააცნო.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების თანახმად, მრჩეველთა საბჭოს
თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს უშანგი მოსიაშვილი - სს
„კასპიელექტროაპარატი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს
თავმჯდომარე შეიმუშავებს საბჭოს სამუშაო გეგმას და დასამტკიცებლად
წარუდგენს საბჭოს.
საბჭო უფლებამოსილია უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის
განხორციელებაში საზოგადოების აქტიური მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის
გამგებელს მიაწოდოს საბჭოს რეკომენდაციები და წინადადებები, განიხილოს
ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების
დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, აგრეთვე სხვა
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების პროექტები.
სტატიის გამოყენების პირობები