ახალი ამბები
,,მტკიცება, რომ სტალინი წმინდა მატრონას ნამდვილად შეხვდა, სიმართლეს არ შეესაბამება'' - მითების დეტექტორი
მტკიცება, რომ სტალინი წმინდა მატრონას ნამდვილად შეხვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ვრცელი მასალა ,,მითების დეტექტორმა'' გამოაქვეყნა.

სტატიის მიხედვით, რეალურად, შეხვედრის ამბავი მხოლოდ ლეგენდაა და ისტორიულად არ დასტურდება.

2024 წლის 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელა ფოტო, რომელიც თბილისში სამების ეკლესიაში გადაიღეს. ფოტოს მიხედვით, სამების ეკლესიაში სტალინის ხატია განთავსებული.

ფოტოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ხატი წმინდა მატრონასია და არა სტალინის.

7 იანვარს კი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. ინაშვილის თქმით, ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.

"ჩვენ შევწირეთ სამების ტაძარს ეს ხატი. საოცარ კომენტარებს ვკითხულობ. ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან განათლებულები, დასწავლულები, რელიგიური თვალსაზრისით უზომოდ განვითარებულები, ფლობენ ინფორმაციას, აი, სწორედ ამ ადამიანებს მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო. სრული გაუნათლებლობის და სიბნელის ზეიმია რასაც ახლა მე თვალს ვადევნებ და ვეცნობი მათ კომენტარებს...'' - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მითების დეტექტორი კი თავის სტატიაში დეტალურად აღწერს ლეგენდას სტალინისა და წმინდა მატრონას შეხვედრის შესახებ.

ლეგენდის თანახმად, 1941 წელს, როდესაც ადოლფ ჰიტლერმა საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა, სტალინი მატრონას ეწვია და რჩევა ჰკითხა. მატრონამ სტალინს ურჩია მოსკოვში დარჩენილიყო, რაც მას ომში გამარჯვებაში დაეხმარებოდა. ლეგენდის თანახმად, მატრონამ ასევე სტალინს ურჩია მოსკოვის გარშემო ღვთისმშობლის ხატი შემოეტარებინათ.

მატრონა ნიკონოვა (მოსკოველი) 1881 წელს ტულას პროვინციაში დაიბადა. ის დაბადებიდან უსინათლო იყო, თუმცა თქმულების თანახმად, მას ღმერთისგან დიდი ცოდნა ჰქონდა მიღებული და შეეძლო ხალხისთვის კარგი დარიგება მიეცა, რის გამოც მატრონა მოსკოველს მრავალი ვიზიტორი ჰყავდა. 1999 წელს რუსეთის სინოდმა და პატრიარქმა ალექსი II-მ მატრონა მოსკოველი წმინდანად შერაცხეს.

იხ. უფრო ვრცლად

მითი, თითქოს სტალინი ჰიტლერთან ომის დროს წმინდა მატრონა მოსკოველს შეხვდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები