ახალი ამბები
ახალგორის რაიონში ორ ხანდაზმულ ადამიანს პენსიის უკანონო მიღებაში ადანაშაულებენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი პენსიონერის მიმართ.

სააგენტო ,,რესის''' ცნობით, ახალგორის რაიონში მცხოვრებმა მამაკაცმა და ქალმა, 69 და 63 წლის მოქალაქეებმა პენსია უკანონოდ მიიღეს.

გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორივე ადამიანი რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობით სარგებლობს, ხოლო პენსიას როგორც რუსეთიდან, ასევე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტიდან იღებდა.

"ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტს მიერ შემოწმების შედეგებმა აჩვენა, რომ ეჭვმიტანილები - მამაკაცი და ქალი, 69 და 63 წლის, რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არიან. ისინი პენსიებს ერთბაშად იღებდნენ ორ სახელმწიფოსგან. ხუთი წლის განმავლობაში ორივე მოქალაქემ სამხრეთ ოსეთში უკანონოდ მიიღო 898 423 რუბლი", - ნათქვამია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შსს-ს განცხადებაში.

დღევანდელი კურსით, თანხა დაახლოებით 27 000 ლარია.

თაღლითობის ფაქტზე მასალები რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები