ახალი ამბები
"საზოგადოება ბილიკი", შშმ პირების დასაქმება, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება
„საზოგადოება ბილიკი“ უკვე ორ წელზე მეტია ძალიან აქტუალურ პრობლემას, შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის საქმეს ემსახურება. ამ საკითხზე მუშაობას სლოვაკური ორგანიზაცია TENENET -ი მისი გამოცდილების გაზიარების გზით უწყობს ხელს, ხოლო ერთობლივ პროექტს სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Slovak Aid) აფინანსებს.

პროექტის დასაწყისში, შშმ პირების წინაშე არსებული გამოწვევების დასადგენად ჩატარდა კვლევა. კვლევის შედეგებზე და რეგიონული მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით შემუშავებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიქმნა პროექტის სამუშაო გეგმა და წარიმართა მუშაობა.

პრობლემის შესწავლამ ცხადყო, რომ შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის გასაუმჯობესებლად კომპლექსური დავალებების შესრულება იყო საჭირო, კერძოდ მუნიციპალიტეტებში შშმ პირთა ერთიანი საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა/ განახლება, მუნიციპალიტეტებში არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების გაძლიერება, შშმ პირების უფლებების დაცვა და მათი ინფორმირებულობის ამაღლება, საკანონმდებლო ბაზაში საჭირო შესწორებების შეტანის ადვოკატირება და დამსაქმებლებთან მჭიდრო კავშირი.

ამ ხნის განმავლობაში „საზოგადოება ბილიკი“ აქტიურად მუშაობს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე. ჩატარდა შეხვედრები მუნიციპალიტეტების თანამშრომლების მონაწილეობით, ტრენინგები სლოვაკური გამოცდილების გასაზიარებლად, რომელსაც საქმიანობის უკეთ გასაცნობად მოჰყვა სასწავლო ვიზიტი სლოვაკეთში.

სწორედ სლოვაკეთის სასწავლო ვიზიტის პარალელურად დაიგეგმა დამსაქმებლებთან თანამშრომლობა და კერძო ბიზნესის მოზიდვა.

სასწავლო ვიზიტის ერთერთი მონაწილე სოციალური საწარმოს, სამკერვალო „ლიდერის“ დამფუძნებელი ნინო გიორგაძე გახლდათ. ქ-ნ ნინოს კერძო ბიზნესის მართვის დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ მის ყველა საქმიანობას რომელიმე მოწყვლადი ჯგუფის გაძლიერება აქვს მიზნად დასახული. ასეთი იყო გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალების გადამზადება და ტექსტილის გადამუშავების ინოვაციური პროექტი, რომელმაც 400-ზე მეტ ქალს პროფესიის დაუფლების და შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა მისცა.

დღეს სოციალურ საწარმოში დასაქმებულია 32 ადამიანი, მათ შორის 1 შშმ პირი. საწარმოში მუშაობის პრინციპი ასეთია - ტრენინგი, საქმიანობის შესწავლა ხოლო შემდგომ დასაქმება.

წარმატებებმაც არ დააყოვნა, საწარმო „ლიდერი“ და თავად ნინო არაერთი დაჯილდოების ნომინანტი გახდა, სულ ბოლოს 2023 წლის თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოებისას, ნომინაციაში - „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა“, „ლიდერის“ ხელმძღვანელს პრიზი გადაეცა.

ახლა ნინო გიორგაძე მჭიდროდ თანამშრომლობს „საზოგადოება ბილიკის“ გუნდთან რეგიონში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვა/განვითარების მიმართულებით.

„შშმ პრებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა მათი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს, რაც თავის მხრივ რეგიონში ეკონომიკური სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“ - ამბობს ნინო გიორგაძე.

ამ მიზნით, სულ ცოტა ხნის წინ, გორში, წარმატებით ჩატარდა შეხვედრა რეგიონში მოქმედი ბიზნესის და ახალგაზრდა სტარტაპების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელსაც ნინო გიორგაძე უძღვებოდა. მან მონაწილეებს სლოვაკური გამოცდილება და მისი სოციალური საწარმოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ისაუბრა სოციალური საწარმოს უპირატესობაზე, როგორც ბიზნესის ასევე მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების საქმეში. შეხვედრის მონაწილეებმა მზაობა გამოთქვეს ხელი შეუწყონ შშმ პირების დასაქმებას და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას რეგიონში.
სულ მალე „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან შშმ პირების დასაქმების საკითხებზე მარნეულში და ზუგდიდში გაიმართება.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები