ახალი ამბები
,,ოღონდ გამიყვანეთ აქედან'' - ბრალდებული სხდომაზე ხელით შეიყვანეს
გორის სასამართლო სხდომაზე 63 წლის ასაკის ბრალდებული ხელით შეიყვანეს. ხანდაზმულ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდს

,,ოღონდ გამიყვანეთ აქედან''. - მიმართა მოსამართლესა და პროკურორს. ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავს.

პროკურორის განცხადებით, იგი ნარკოტიკული საშუალების, სუბოტექსის უკანონოდ შეძენა-შენახვაშია ბრალდებული.

როგორც პროკურორმა მიხელ ბერიაშვილმა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს განუცხადა, ბრალდებულს გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა დათქმულ ვადაში არ გადაიხადა თანხა.

,,ჩემ დის სახელზეა ბინა, უნდა ჩაედო ბანკში, მაგრამ არ ჩადო'' - განაცხადა ბრალდებულმა. იგი ირწმუნებოდა, რომ გაშვების შემთხვევაში 2 ათას ლარს იშოვიდა და გირაოს გადაიხდიდა:

,,სამუშაოსაც დავკარგავ, ფრინველთა ფერმაში ვმუშაობ კარალეთში, რაღაცას ვიშოვი, ოღონდ გამიყვანეთ აქედან.'' - ითხოვდა 63 წლის ასაკის მამაკაცი, რომელიც გორში ცხოვრობს.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განაცხადა, რომ პროცესუალურად გირაოს თანხის შეფარდება აღარ მოხდება, რადგან ეს უკვე იყო გამოყენებული. ამჯერად, დაიწყება სასამართლო გამოძიება, თუ საიდან ჰქონდა ხანდაზმულ მამაკაცს 2,24 გრამი სუბოტექსი.

როგორც ირკვევა, ბრალდებული ამავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით 2021 წელსაც იყო გასამართლებული და პირობითი ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამის შესახებ მას არაფერი უთქვამს; არც არავინ დაინტერესებულა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები