ახალი ამბები
გორის ,,დილა'' 10-ზე მეტმა ფეხბურთელმა დატოვა
გორის ,,დილას'' შემადგენლობა 10-ზე მეტმა ფეხბურთელმა დატოვა. ფეხბურთელები გამოსამშვიდობებელ სიტყვებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

თუ რა ხდება ამჟამად კლუბში, ოფიციალურ განცხადებას ადმინისტრაცია არ აქვეყნებს. ასევე, არ პასუხობს სატელეფონო ზარებს პრეს-სამსახური.

,,დილადან'' ბათუმში გადავიდნენ: ონორე გომისი, ვანდერსონ სილვა, ალეფ სანტოსი. მათ შესახებ ინფორმაცია ბათუმის ,,დინამოს'' გვერდზეც გავრცელდა.

,, ცხოვრება ეტაპებისგან შედგება და ბედნიერი ვარ, რომ 3 წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი იყო, ყველაფერი გავიღე ამ გუნდისთვის და წარუმატებლობაზე მეტი წარმატება მქონდა. ჩემი მეუღლე და შვილები არასდროს დაივიწყებენ აქ გატარებულ პერიოდს თავისი თბილი ხალხით და ლამაზი ქალაქით. ჩემთვის ,,დილა" არასდროს იქნება მხოლოდ კლუბი ის სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში, როგორც ლამაზი ისტორიის ნაწილი. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბში მომუშავე ყველა თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს ვისთანაც ერთი დღე მაინც გავატარე ამ კლუბში, მადლობა ტექნიკურ პერსონალს, მენეჯმენტს, ყველა ჩემს თანაგუნდელს და გორელ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მოდიოდნენ ჩვენს თამაშებზე და მხარს გვიჭერდნენ შედეგის მიუხედავად. მადლობა ყველაფრისთვის" - წერს ვანდერსონ სილვა. 

,,გემშვიდობებით და მივდივარ ამაყი იმით რაც ამ პერიოდში ერთად შევქმენით. მადლობა გორელ გულშემატკივარს მათი სიყვარულისთვის და კლუბში მომუშავე არაჩვეულებრივ პროფესიონალებს, დაწყებული პრეზიდენტიდან მრეცხავი ქალით დამთავრებული. ძალიან დიდი მადლობა! მე სულ სხვა ადამიანი ვარ იმ ისტორიის შემდეგ რაც ერთად გამოვიარეთ. მადლობა გორის ,,დილას"- წერს ალეფ სანტოსი.

,,დილა'' დატოვეს რეზი ჩიტეიშვილმა, ევგენი კუჩერმა და სხვებმა:

,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას, მოთამაშეებს, გულშემატკივრებს, თქვენ ჩემთვის დიდი ოჯახი ხართ, ეს სეზონი ფანტასტიკური იყო, მალე გნახავთ'' - წერს ევგენი კუჩერი, ,,დილას'' აწ უკვე ყოფილი მეკარე.

,,გემშვიდობებით, მადლობას გიხდით ყველაფრისთვის. ვაფასებ თქვენთან გატარებულ თითოეულ წელს. მადლობა გორს და გორელებს იმ სიყვარულისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ძვირფასია თითოეული ადამიანი, რომელიც ამ წლების მანძილზე შევიძინე. გემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებას, შეხვედრამდე!'' - წერს რეზი ჩიტეიშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები