ახალი ამბები
გორის არქივში აღმოჩენილი ცნობის მიხედვით 1924 წელს სამწევრისის ეკლესიის ქვები სკოლის მშენებლობისთვის გამოიყენეს
გორის არქივში დაცულია 1924 წლით დათარიღებული წერილი, რომელიც სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის განყოფილების მაშინდელ გამგეს ს. კაკაბაძეს შეუდგენია.

წერილი ეხება სკოლის მშენებლობისათვის სამწევრისის ეკლესიიდან წაღებული ქვების დაუყოვნებლივ დაბრუნებას და შესაძლებლობის ფარგლებში ისევ გაკეთებას ეკლესიის კედელში.

გორის არქივში დაცული ცნობის მიხედვით, წერილი გაეგზავნა პასუხისმგებელ პირებს - ,,მე-6 მე-7 საუკუნეებში აშენებული სამწევრისის ეკლესიის დაცვის შესახებ''.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში რამდენიმე ეკლესიაა. მე-6 და მე-7 საუკუნეებით თარიღდება ტაძარი, რომელიც ჯვრის ეკლესიის ანალოგია.

,,მღვდელთა იძულებით გაკრეჭვის, საეკლესიო ზარების გადადნობის, ეკლესიების სკოლებად და კლუბებად გადაკეთების დროსაც ცხოვრობდნენ მამულიშვილები, ასეთ ადამიანებზე იდგა ხელოვნება და გადარჩა რწმენა.'' - აცხადებს გორის არქივის წარმომადგენელი ქეთევან მაჭარაშვილი.

სამწევრისის ეკლესიას რესტავრაცია 1951 წელს ჩაუტარდა, პროექტის ავტორი იყო დავით ხიმშიაშვილი. ხიმშიაშვილმა ტაძარს ფოტოც გადაუღო და გამოაქვეყნა წაწერით - ,,რესტავრაციამდე''. რესტავრატორის ცნობით, ტაძრის დანგრევაში საბოლოოდ დიდი გავლენა მოახდინა 1940 წლის მიწისძვრამ, როდესაც გუმბათი ჩამოიშალა.

აღდგენითი სამუშაოები ლევან ხიმშიაშვილის პროექტის მიხედვით ანასტილოზის მეთოდით ჩატარდა. საჭირო იყო ურთულესი კონსტრუქციული საკითხების გადაწყვეტა. თავდაპირველად განიხილებოდა აღდგენის ორი ვარიანტი. სირთულისა და სიძვირის მიუხედვად, მიღებულ იქნა მეორე ვარიანტი. ამ წესით აღდგენის შემდეგ ძეგლის მთლიანი მოცულობა დარჩა გადახრილი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, რაც თვალისათვის შეუმჩნეველია, რადგან მის სიახლოვეს არ არსებობს მკვეთრი ვერტიკალები.

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი მცირე ზომისაა, კარგად შერჩეული ადგილმდებარეობის გამო ის შორიდანაც კარგად მოჩანს და ყურადღებას იქცევს თავისი ჰარმონიული პროპორციებითა და მოცულობათა დახვეწილობით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები