ახალი ამბები
კასპი-ახალქალაქის გზის ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელსაც თბილისში კონტრაქტი შეუწყვიტეს
კასპი-ახალქალაქის გზის ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელსაც თბილისში კონტრაქტი შეუწყვიტეს.

შპს ,,ერ ტე დე''-სთან ხელშეკრულება 2024 წლის 18 იანვარს გააფორმეს. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარია.

საპროექტო საავტომობილო გზა იწყება ქ. კასპის სამხრეთ-დასავლეთით, გაივლის სოფ. მეტეხის მიმდებარე ტერიტორის და მთავრდება სოფ.ზემო ჩოჩეთის ჩრდილოეთით.

საავტომობილო გზის სიგრძე 12 კმ-ია.

ტენდერში გამარჯვებულია კომპანია, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა.



როგორც "ნეტგაზეთს" ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, "ერ ტე დე" ჯერ არ არის ასახული არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ე.წ. შავ სიაში, რომელშიც ასახვის შემდეგაც კომპანია ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

"შავ სიაში გადაგზავნილი აქვს მერიას, მაგრამ ამას თავისი პროცედურები აქვს და "ერ ტე დე" ჯერ სიაში არ არის. რომც ყოფილიყო ასახული, ჩვენი ტენდერი ჩატარებული იყო და ხელშეკრულებაზე მოწვევა გაგზავნილი. ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გვქონდა და მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას, არ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავარღვევდით კანონს", — განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, კომპანიის შავ სიაში ასახვის შემდეგ "ერ ტე დე" ტენდერებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა უკვე გამარჯვებულ ტენდერის შედეგები ამ მიზეზით ვერ გადაიხედება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები