ახალი ამბები
გორის ცენტრში პიკის საათებში მოძრაობის სისტემა შეიცვლება - ქალაქის 2 ახალ ლოკაციაზე კი შუქნიშნები დამონტაჟდება
გორის მერია ქალაქის ცენტრში მოძრაობის სისტემის შეცვლას აპირებს. მერიის ეკონომიკის სამსახურში პროექტზე მუშაობენ.

კერძოდ, სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირზე, არსებულ შუქნიშანს მოხსნიან და მის ნაცვლად, თანამედროვე შუქნიშანს დაამონტაჟებენ.

მერიის ცნობით, შუქნიშნის ფაზური განაწილების გრაფიკები უნდა მოერგოს დილის და საღამოს პიკის საათებს და, ასევე, დღის სხვა პერიოდს, როდესაც საშუალო ინტენსივობის მოძრაობაა.

,,შუქნიშნის ფაზური განაწილების გრაფიკები დამუშავდება ისეთი ფორმით, რომ უზრუნველყოს მაქსიმალურად ეფექტური კოორდინირება მეზობელ საპროექტო გზაჯვარედინებთან მიმართებაში. არსებული სატრანსპორტო ადაპტირებული მოძრაობის გეგმის შემუშავება'' - აღნიშნავენ მერიაში.

მერიის სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, შუქნიშნების კოორდინირებული, სრულიად ადაპტირებული მართვის სისტემის შედეგად მოხდება მოძრაობის შეფერხების აღმოფხვრა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება, საწვავის ხარჯის შემცირება, ეკოლოგია და ა.შ.

,,შუქნიშნები და საგზაო ნიშნები, სტანდარტის მიხედვით ისე უნდა იქნეს განთავსებული, რომ მათი დანახვა შესაძლებელი იყოს მინიმუმ 100 მეტრის მანძილიდან ავტობუსებისაგან და სატვირთო ავტომობილისაგან თავისუფალი გზის სავალი ნაწილის შემთხვევაში.'' - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, თანამედროვე ტიპის შუქნიშნები დამონტაჟდება ქალაქის ორ ლოკაციაზე. კერძოდ, ჭავჭავაძისა და ძმები რომელაშვილების ქუჩების კვეთაზე, ასევე, ძმები რომელაშვილებისა და თამარ მეფის ქუჩის კვეთაზე.

1-ელ ფოტოზე: სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირების კვეთა

მე-2 ფოტოზე: ჭავჭავაძის გამზირისა და ძმები რომელაშვილების ქუჩის კვეთა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები