ახალი ამბები
კალაძის დაწუნებული კომპანია ქვიშხეთში გამოჩნდა - ხაშურის მერი ,,ერ ტე დესთან'' მოლაპარაკებას აწარმოებს
კომპანია ,,ერ ტე დე'', რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტი ვადაგადაცილების გამო შეუწყვიტა, ხაშურში გამოჩნდა.

ხაშურის მერია ამჟამად კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ,,ერ ტე დე'' კვლავ არაა შეყვანილი შავ სიაში.

კომპანია ,,ერ ტე დეს'' სურს, რომ ქვიშხეთში 1,5 კმ სიგრძის გზაზე ასფალტი დააგოს. ამისათვის, 1,2 მლნ ლარი შესთავაზა.

,,სოფელ ქვიშხეთში 22-ე ქუჩის გზას გადის არასწორ, დასერილ რელიეფზე და მოძრაობის პერსპექტიული ინტესიობა შეადგენს საშუალოდ 50 ავტომანქანა დღე ღამეში.'' - აღნიშნულია პროექტში.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ქვიშხეთის ტენდერი 2023 წლის დეკემბერში გამოცხადდა, წინადადებების მიღება დასრულდა 2024 წლის 22 იანვარს.

ქვიშხეთის გზის პროექტზე ყველაზე დაბალი ფასი კომპანია ,,ბილტმორმა'' შესთავაზა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. ამჯერად, ხაშურის მერია მოლაპრაკებებს კომპანია ,,ერ-ტე-დესთან'' აწარმოებს. ხაშურის მერიამ მას დამატებითი დოკუმენტაცია სამუშაო გამოცდილებისა და კადრების შესახებ, მოსთხოვა.

,,ერ ტე დემ'' გამოცდილებაში მიუთითა, რომ მას ანალოგიური სახის სამუშაოები წარმატებით დასრულებული აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხოლო თბილისის წერეთლის გამზირზე ჩატარებულ სამუშაოებს არ ახსენებს.

უფრო მეტიც, თბილისის მერიის მიერ დაწუნებული კომპანია ,,ერ ტე დე'' შიდა ქართლში კიდევ ერთ სამშენებლო პროექტს ჩაუდგა სათავეში. 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ,,ერ-ტე-დესთან'' გააფორმა 15 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც, კასპი-მეტეხი-ახალქალაქის გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ფოტოზე: ხაშურის მერი და შიდა ქართლის გუბერნატორი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები