ახალი ამბები
გორის ცენტრში ავტობუსების ჰაბი მოეწყობა
გორის ცენტრში ავტობუსების ჰაბი მოეწყობა. ამის შესახებ ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზურაბ ჯირკველიშვილი გვესაუბრა.

მისი თქმით, ჰაბისთვის გამოყენებული იქნება მსუბუქი კონსტრუქციებით აშენებული სივრცე. სივრცე სტადიონის ბილეთების ჯიხურის გვერდით მოეწყობა.

ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, დღეს მძღოლებს აქვთ ასეთი სიტუაცია. შესვენების დროს, ჩერდებიან იუსტიციის სახლთან ან სტადიონთან, დაახლოებით ერთი საათით. ამ ერთი საათის განმავლობაში მძღოლი ისვენებს უშუალოდ ავტობუსში, სადაც შეუძლია ყავის მირთმევა, თუმცა ვერ ახერხებს სხვა, მაგალითად, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

,,ჰაბი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მძღოლებმა დაისვენონ, ჰქონდეთ თავიანთი სივრცე, ყავის დასალევი თუ სხვა. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ავტობუსს აღარ მოუწევს ამ ადგილზე დიდხანს გაჩერება, რადგან ჰაბის საშუალებით მძღოლები ერთმანეთს ჩაანაცვლებენ,'' - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

ამ ეტაპზე გორის მერია ჰაბის პროექტზე მუშაობს.

,,როგორც კი გვეცოდინება, თუ რა დაჯდება პროექტის განხორციელება, ამის შემდეგ მოხდება ტენდერის გამოცხადება'' - განაცხადა ჯირკველიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები