ახალი ამბები
ხაშურის ახალ სამშობიარო სახლში პირველი ახალშობილი გაჩნდა
ხაშურში სამშობიარო სახლმა დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც შპს ,,ახალმა კლინიკამ'' აღადგინა. ახალი კლინიკა სააქციო საზოგადოება სს ,,საქართველოს კლინიკებს'' ეკუთვნის.

პირველი ახალშობილი უკვე ჰყავთ, ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

"ახალი კლინიკის" დირექტორ ჯანო ვაშაძის განცხადებით, ხაშურის "ახალ კლინიკაში" სამეანო-ნეონატოლოგიური განყოფილება ამ ეტაპზე 3 საწოლზეა გათვალისწინებული. ფუნქციონირებს სამშობიარო ბლოკი და სამშობიარო პალატა, ახალშობილთა ბლოკი, პალატა და მელოგინეთა პალატები.

განყოფილება უზრუნველყოფილია 24-საათიანი ძირითადი სერვისებით: მშობიარობა, საკეისრო კვეთა, იმუნიზაცია, სმენადობის შეფასება, გენეტიკური კვლევა, რაც სრულად ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით.

განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, კადრები დაკომპლექტდა როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული სპეციალისტებით.

,,მშობიარობის დაბალი დინამიკის გამო, ხაშურში სამეანო-ნეონატოლოგიური განყოფილება წლების განმავლობაში გაუქმებული იყო. ვინაიდან, კომპანიასა და სახელმწიფოს შორის არსებობდა ვალდებულება სერვისების უწყვეტობის შესახებ. კლინიკამ განახორციელა ინვესტირება, მოიზიდა ახალი კადრები და გაიხსნა სამშობიარო განყოფილება.'' - აღნიშნავენ ხაშურის მერიაში, რომლის წარმომადგენლებმა დღეს კლინიკა მოინახულეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები