ახალი ამბები
ონლაინმედია პარლამენტში არ შეუშვეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „აგენტების კანონს” განიხილავენ, არ დაუშვეს ონლაინმედია და პრესა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი ამტკიცებს, რომ ეს დეზინფორმაციაა.

საქართველოს პარლამენტში ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლებს შესვლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეეზღუდათ. საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მოტივით ახსნეს. დამატებითი განმარტება არ გაკეთებულა. საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ განმხილველ საკომიტეტო მოსმენაზე არ დაუშვეს რადიო თავისუფლების აკრედიტებული ჟურნალისტიც.

იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს პარლამენტის წინ მართავს აქციას და „აგენტების კანონის“ გაწვევას მოითხოვს. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ სადავო კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებიც.

15 აპრილს, "აგენტების კანონის" განხილვის დაწყების პარალელურად, საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების წესები გაამკაცრეს. ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში სრულად იზღუდება ვიზიტორების შესვლა, პარლამენტიდან მუშაობის უფლება არ ეძლევათ ონლაინმედიის ჟურნალისტებს. სადავო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენას და გაშუქებას საქართველოს პარლამენტში ვერც ის ჟურნალისტები ვერ შეძლებენ, ვისაც თავად პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვს.

ვრცლად: რადიო თავისუფლება
Print

სტატიის გამოყენების პირობები