ახალი ამბები
ნადარბაზევის წყალსაცავის შევსება დროებით შეჩერდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში მდებარე წყალსაცავში წყლის დაგროვების პროცესი შეჩერდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.

წყალსაცავიდან გამდინარე სარწყავი წყლით გორის რაიონის სოფლებთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ირწყვება.

გამგებლის წარმომადგენელი კოდისწყაროს თემში ვლადიმერ გოჭოშვილი ამბობს, რომ პროცესის შეჩერება შიდა ქართლის გუბერნატორის გადადგომას უკავშირდება.

,,სოფელშიც იციან, რომ რაც გუბერნატორი წავიდა, მას შემდეგ ნადარბაზევში წყალი აღარ იქაჩება" - უთხრა ვლადიმერ გოჭოშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილს.

,,რომ იცოდეთ, ეგრეცაა საქმე" - უპასუხა გამგებელმა, თუმცა, იქვე დასძინა, რომ სახელმწიფო პროგრამით წყალსაცავის შევსების პროექტი გაგრძელდება და ეს გუბერნატორის წასვლა-მოსვლაზე არ იქნება დამოკიდებული.

სოფელ ჩობალაურში დაგვიდასტურეს, რომ წყლის შევსების პროცესი გუბერნატორის გადადგომას დაემთხვა. საუბარი შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტიდან ზურაბ რუსიშვილის გადადგომას ეხება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი კომენტარისგან თავს იკავებს.

ნადარბაზევის წყალსაცავი კვერნაკის ქედზე მდებარეობს. წყალი სოფელ ხურვალეთიდან საქაჩებით გროვდება. შემდეგ თვითდინებით სოფლებისკენ ეშვება.

ამ წყალსაცავის წყლით ოსური სოფლებიც სარგებლობს. 

შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნადარბაზევის წყალსაცავში წყლის დაგროვება ორი კვირით შეჩერდა.

,,არხებში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ორი კვირის შემდეგ წყლის აქაჩვა გაგრძელდება. ამჟამად, საცავში ნახევარ მილიონამდე კბ მეტრი წყლის მასაა დაგროვებული და ეს რიცხვი 2 მლნ კბ მეტრამდე ავა. რაც იმას ნიშნავს, რომ სარწყავ სეზონზე ზემოხსენებულ სოფლებს სარწყავი წყალი ექნებათ" - გვითხრა გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები