ახალი ამბები
ცხინვალის ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში სუს-ის აგენტი დააკავეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დააკავეს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაში ედება ბრალი.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებული პირი ჯავის რაიონში ერთ-ერთ სახელმწიფო საწარმოში მუშაობდა და ინფორმაციას გადასცემდა რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით.

გარდა დაკავებულისა, ამავე სააგენტოს ცნობით, მხილებულია კიდევ 5 პირი, რომლებიც ასევე კონტაქტში იმყოფებოდნენ სუს-სთან. მათ გაფრთხილება მისცეს.

,,იდენტიფიცირებულია სამხრეთ ოსეთის კიდევ ხუთი მოქალაქე, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან და გადასცემდნენ მათ ინფორმაციას, რომელიც არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.'' - აღნიშნულია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კგბ-ს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები