სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური საქმის გასარჩევად გორის
გამგეობის შენობასთან დაიბარეს.
ამის ამსახველი ვიდეომასალა თავად
გაავრცელა. ვახო ფიცხელაური ერთხელ უკვე გახდა თავდასხმის ობიექტი.
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც აცხადებდა პრეტენზიას, თუ რატომ გამოაქვეყნა ვახო ფიცხელაურმა
მისი ფოტო.
ეს პიროვნება, ვინც ვახო ფიცხელაურს დაუკავშირდა ტელეფონით,
საქართველოს ჩემპიონი აღმოჩნდა თავისუფალ ჭიდაობაში.
ვახო ფიცხელაურმა სპორტსმენს განუმარტა, რომ მას გაზიარებული აქვს არა
თუ მისი, არამედ იმ პოლიციელის ფოტო, რომელსაც პატიმრის მშობლის
დაცინვაში სდებდნენ ბრალს.
სატელეფონო დიალოგი ასე წარიმართა:
სპორტსმენი: - ,,საით ხარ... რაღაც ჩემი ფოტო დაგიდია კომენტარებში,
სად ხარ. ჩამო გამგეობასთან''
ვახო ფიცხელაური - ,,მე გავაზიარე იმ პოლიციელის ფოტო, ვინც პატიმრის
დედას დასცინის.''
სპორტსმენიი: - ,,თუ ჩემი მეგობარი დასცინის, დაგედო იმის ფოტო, ჩემი
ფოტო რატომ დადე? ჩამო გამგეობასთან''
ვახო ფიცხელაური: - ,,გამგეობასთან რა მინდა, მაგ რუსების ბუდესთან.
წმინდაწყალზე ვარ, საშაურმეებთან''
სპორტსმენი: ,,კარგი, მაშინ მანდ მოვალ''
როგორც შემდეგ ვახო ფიცხელაურმა დაწერა, მისთვის უცხო პიროვნება არ
შეხვედრია. ხოლო რეაგირებისთვის შს სამინისტროს მიმართა.
რაც შეეხება გაზიარებულ ფოტოს, ფოტო გამოქვეყნდა ჯგუფ ,,დაიტოვეში''.
ფოტოზე გამოსახულია სამი პოლიციელი, მათ შორის, აღმოჩნდა გორელი
პოლიციელიც.
ფოტო იმ დროს გადაიღეს, როდესაც თბილისში მოსამართლეთა კონფერენცია
იმართებოდა, ხოლო პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ.
თუ რა მოხდა მოსამართლეთა შეკრების წინ გამართულ აქციაზე, ერთ-ერთმა
მოქალაქემ დაწერა:
"ერთერთი სინდისის პატიმრის დედა ეუბნება პოლიციელებს, ჩემი ერთი
შვილი ომში მომიკლეს, მიწაში ჩავაწვინე, თქვენ რომ აქ მშვიდად
დამდგარიყავით და მეორე ციხეში მიზის თქვენი უკეთესი მომავლისთვისო.''
- როგორც პოსტის ავტორი ამტკიცებს, პოლიციელებმა სწორედ ამ სიტყვების
გამო გაიცინეს.
სტატიის გამოყენების პირობები