მთავარ ფოტოზე: ტირძნისის საბავშვო
ბაღი
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია ,,ლაგი კაპიტალს’’ ავანსის სახით 1,12 მლნ ლარი 2024 წლის 15
იანვარს ჩაურიცხეს.
საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისსა და შინდისში
მდებარე საბავშვო ბაღებს. ამ ბაღების რეაბილიტაციისთვის 5,6 მლნ ლარი
იყო გათვალისწინებული. ხელშეკრულება 2023 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა.
2024 წლის 15 იანვარს თანხა ავანსის სახით ჩაურიცხეს, თუმცა საბავშვო
ბაღები დღეს ამ მდგომარეობაშია.
2024 წლის იანვრიდან 2025 წლის იანვრამდე, კომპანიამ კარ-ფანჯრები
დახსნა, ნაგავიც ადგილზე დატოვა და ნაკისრი ვალდებულებებიც არ
შეასრულა.მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიასთან ხელშეკრულება
2025 წლის 27 იანვარს შეწყვიტა. მანამდე, 15 იანვარს, კომპანიამ
დამკვეთს თავად აცნობა, რომ ფინანსური პრობლემების გამო, მუშაობის
გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.
რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, ამ სოფლის აღსაზრდელები, 2023
წლიდან დღემდე, მშობლებს მეზობელ სოფლებში დაჰყავთ. უფრო მძიმე
ვითარებაა შინდისში, რადგან, როგორც დავადგინეთ, შინდისის საბავშვო
ბაღში მანამდე მერიის დაკვეთით ჩატარებული, სახურავის რეაბილიტაციის
გამო, მუშაობა ისედაც შეწყვეტილი იყო:
,,ჩვენთან უფრო ადრე, 2023 წლამდე კარგა ხნით ადრე შეწყვიტეს
მუშაობა,’’ - გვითხრეს სოფელში.
რა ხდება
კომპანია ,,ლაგი კაპიტალი’’ პარლამენტარ, ,,ქართული ოცნების’’
ერთ-ერთი წარმომადგენლის, ირაკლი ზარქუას დის დაფუძნებული კომპანიაა.
შემდგომში მფლობელი გახდა ირაკლი ზარქუას სიძე. ბოლოს, ხელშეკრულების
მოქმედების პერიოდში, მფლობელი შეიცვალა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას თავდაპირველად, უნდა შეედგინა
პროექტები. ეს უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში.
პროექტების დამტკიცების შემდეგ, 12 თვეში უნდა მომხდარიყო შენობების
რეაბილიტაცია.
როგორც შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთულ დოკუმენტებშია
აღნიშნული, 10 თვე ისე გავიდა, საბოლოო პროექტები არ იყო მზად.
განსაკუთრებით, სადავო გახდა ტირძნისის საბავშვო ბაღის პროექტი.
თავდაპირველად, ,,ლაგი კაპიტალმა’’ ორსართულიანი შენობის ნაცვლად,
ერთსართულიანი შენობის პროექტი მოამზადა. როგორც კომპანიის
წარმომადგენელმა შესყიდვების სააგენტოს აცნობა, ეს გამოწვეული იყო
სოფლის მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თხოვნით.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დანიშნულმა ზედამხედველმა
აღნიშნა თავის წერილში, რომ ერთსართულიანი შენობის პროექტის შედგენის
საკითხი არ იყო შეთანხმებული დამკვეთთან, ამიტომ, ,,ლაგი კაპიტალს’’
ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ორსართულიანი შენობის პროექტის
მომზადება დაავალეს.
,,ლაგი კაპიტალმა’’, როგორც თავად საპასუხო წერილში უთითებს, მოამზადა
ორსართულიანი შენობის პროექტი, თუმცა შედგენილი პროექტები კორექტირება
მოსთხოვეს. ამასობაში დრო გადიოდა და 2024 წლის შემოდგომაც დადგა.
2024 წლის 15 ოქტომბერს, მუნიციპალური განვითარების ფონდს
ზედამხედველმა აცნობა, რომ არცერთ ობიექტზე სამუშაოები არ იყო
დაწყებული.
,,ლაგი კაპიტალმა’’ 2024 წლის 11 დეკემბრის, მუნიციპალური
განვითარების ფონდს აცნობა, რომ ინტენსიური სამუშაოები დაიწყებოდა
2025 წლის 15 იანვრიდან, რადგან სამუშაოების შეფერხება გამოიწვია
ფინანსურმა პრობლემამ. ამასთან, მიმწოდებელი იღებდა პასუხისმგებლობას
აღნიშნული ვადის მიხედვით ეწარმოებინა ინტენსიური სამშენებლო
სარეაბილიტაციო სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოთქვამდა
თანხმობას შემსყიდველ ორგანიზაციას დაეწყო ხელშეკრულების ცალმხრივად
შეწყვეტის პროცედურები.
ერთი თვის შემდეგ, 2025 წლის 17 იანვარს, ,,ლაგი კაპიტალმა’’ დამკვეთს
აცნობა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ობიექტებზე ვერ ხერხდებოდა
სამუშაოების დაწყება. ამავე წერილის მიხედვით, სამუშაოებს დაიწყებდა
2025 წლის 24 იანვრიდან.
2025 წლის 27 იანვარს, მუნიციპალური განვითარების ფონდს ზედამხედველმა
წარუდგინა ანგარიში, რომლითაც ირკვევა, რომ ორივე ობიექტის ტერიტორია
იყო დაკეტილი და სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ამასთან, ,,ლაგი
კაპიტალს’’ სრულყოფილად არ ჰქონდა მომზადებული საბავშვო ბაღების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია . ამასთან, მიმწოდებელს არ
ჰქონდა გამოსწორებული საზედამხედველო ორგანიზაციის შენიშვნები. ამავე
ანგარიშის მიხედვით, მიმწოდებელი ვერ შეძლებდა ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას.
საბოლოოდ, 2025 წლის 11 თებერვალს, ხელშეკრულება ცალმხრივად
შეწყდა.
რა სამუშაოები
შესრულდა
საზედამხედველო ორგანიზაციის შეფასებით, ლაგი კაპიტალმა
შეასრულა შემდეგი სახის სამუშაოები:
,,სოფელ შინდისში დემონტაჟის სამუშაოები დაიწყო 2024 წლის 16
ოქტომბერს – შენობის მეორე სართულზე მოიხსნა ფანჯრისა და კარის
ბლოკები, დემონტაჟი ჩაუტარდა ტიხრებსა და იატაკს. ამასთან, პირველი
სართულის დემონტაჟი არ იყო დაწყებული, ხოლო მოცემული დროისათვის
სამშენებლო ობიექტი იყო დაკეტილი და სამუშაოები არ მიმდინარეობდა’’ -
ვკითხულობთ ანგარიშში
რაც შეეხება სოფელ ტირძნისის საბავშვო ბაღს, მიმწოდებელმა დემონტაჟის
სამუშაოები დაიწყო 2024 წლის 16 ოქტომბერს – შენობის პირველ და მეორე
სართულს ჩაუტარდა ნაწილობრივ ფანჯრისა და კარის ბლოკების დემონტაჟი,
პირველ სართულზე მოიხსნა სამი ტიხარი, თუმცა სამუშაოები მიმდინარეობდა
შეფერხებით და ტერიტორიიდან არ იყო გატანილი სამშენებლო ნარჩენები.
ამავე წერილის მიხედვით, ობიექტზე სხვა სახის სამუშაოები არ
შესრულებულა და არც მოცემული დროისათვის არ მიმდინარეობდა.
ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტში ვკითხულობთ: ,,არ ზღუდავს
დამკვეთის რაიმე უფლებას მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა, მოითხოვოს
თანხა, პირგასამტეხლოს ან/და აინაზღაუროს მიღებული ნებისმიერი ზიანი,
ზარალი ან სხვა ხარჯი. აქვე გაცნობებთ, რომ დარიცხულმა ჯარიმამ დღეის
მდგომარეობით შეადგინა 1 938 115.00 ლარი.''
დღეს რა ხდება?
2025 წლის 1 აპრილს ,,ლაგი კაპიტალი’’ შეიყვანეს შავ
სიაში. გამოაცხადეს ახალი ტენდერი, ზუსტად იმავე თანხით, რა თანხაც
იყო შარშან გათვალისწინებული.
5,6 მლნ ლარიან ტენდერში გამარჯვებული გახდა ,,ამხანაგობა მეგა
ბილდი’’
ამხანაგობა „მეგა ბილდი“-ს ამხანაგობის წევრები არიან: შპს „BUILD
TERRITORY“ და შპს „მეგავატ.ჯი“. შპს BUILD TERRITORY - დაფუძნებულია
2011 წელს. მისი მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია: ვახტანგ ქოიავა -
33.3%; ანდრია ქოიავა - 66.7%. შპს „მეგავატ.ჯი“ - დაფუძნებულია 2009
წელს, მისი მფლობელი კი ალექსანდრე ბელოუსოვია.
იხ. ამავე თემაზე:
,,ლაგი
კაპიტალის'' მიტოვებული სკოლები
სტატიის გამოყენების პირობები