ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მუნიციპალიტეტში,
14 წლის მოზარდს ტეტანუსი დაუდგინდა. შემთხვევა წელს, აპრილში
მოხდა.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ჩიქოვანმა გვითხრა, ბავშვი
სასწრაფოდ გაგზავნეს ინფექციურ საავადმყოფოში:
,,14 წლის მოზარდმა სოფელში ლურსმანზე ფეხი დაიზიანა. ინფექცია
ჭრილობიდან გავრცელდა. ძალიან მძიმედ იყო. სასწრაფოდ გავაგზავნეთ
ინფექციურ საავამდყოფოში და ახლა უკვე კარგადაა მოზარდი'' - გვითხრა
ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ჩიქოვანმა.
დავით ჩიქოვანის განმარტებით, ბავშვი არ იყო აცრილი:
,,ჩემი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობის განმავლობაში,
თითქმის არ გვქონია ტეტანუსის შემთხვევები და წელს დაგვიფიქსირდა
ტეტანუსის შემთხვევა, რომელიც არ იყო აცრილი. საბედნიეროდ, ბავშვი
გამოჯანმრთელდა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი
მნიშვნელობა აქვს დაავადების პრევენციისთვის აცრას.''
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ტეტანუსი, რომელსაც
ჭრილობის ინფექციას უწოდებენ, მეტად მძიმე მწვავე ინფექციური
დაავადებაა, ხასიათდება ჩონჩხის კუნთების გენერალიზებული რიგიდობითა
და კრუნჩხვით. ლეტალობა 40-50%-ია. ახალშობილებსა და მშობიარეებში
ლეტალობა 90-100%-ს აღწევს.
სტატიის გამოყენების პირობები