ახალი ამბები
ხაშურში წითელას ვირუსი ძამის ხეობიდან გავრცელდა
წითელას ვირუსი, რომელიც საკმაოდ საშიშია ჩვილებისთვის და 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ამჟამად, ქარელში 9 ადამიანს, ხოლო ხაშურში 2-ს დაუდგინდა.

ორივე მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ვირუსი ზრდასრულ ადამიანებში (30, 40 და 50 წლის) გავრცელდა. ეს პირები არ აღმოჩნდნენ აცრილები.

,,ხაშურში მოვიძიეთ დავირუსებულთა კონტაქტები. აღმოჩნდა, რომ ისინი ქარელში იმყოფებოდნენ და შემხებლობა ჰქონდათ წითელათი დაავადებულ პირებთან. ერთი ადამიანი იმყოფებოდა სტუმრად ძამის ხეობაში. მეორე პირი კი დისტრიბუტორია და ისიც ქარელის რაიონში იმყოფებოდა" - გვითხრა ხაშურის სააოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ჩიქოვანმა.

ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირინა ფარეხელაშვილმა დაგვიდასტურა, რომ ქარელში მართლაც უფრო მეტად გავრცელდა წითელა:

,,ქარელში 9 შემთხვევა დაგვიდგინდა. ყველა მათგანი იზოლირებულია სხვა პირებისგან. წითელა დაფიქსირდა ძამის ხეობაში, ასევე სოფელ ბებნისსა და ქვემო ხვედურეთში. გვაქვს შემთხვევა ბრეთშიც. ზრდასრულები არიან და არ აღმოჩნდნენ აცრილები, სწორედ, ანტივაქსერების წყალობით. ახლა, აცნობიერებენ, რომ აცრა.აუცილებელი იყო"- გვითხრა ცენტრის ხელმძღვანელმა.

ხაშურისა და ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან პროცესს, რადგან წითელა ისეთი ვირუსია, რომელიც ადვილად ვრცელდება
Print

სტატიის გამოყენების პირობები