ახალი ამბები
პირველად გორის ისტორიაში - პროტესტის 100 დღე
გორში, აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად ნანუკა ჟორჟოლიანი და სინდისის პატიმრების მშობლები ჩავიდნენ

,,უფრო მადლობის სათქმელად ჩამოვედით, იმიტომ, რომ ეს ადამიანები 100 დღის განმავლობაში, უწყვეტად დგანან ქუჩაში და პრინციპების ერთგულები არიან. ჩვენ თავებს არ ვითვლით, თუნდაც, ერთი ადამიანი იდგეს, ის მნიშვნელოვანია და დასაფასებელია. გუშინ ოცნების აქცია გაიმართა, მაგრამ არ დაგვითვლია რაოდენობა. ასევე, ნუ დაგვითვლიან ჩვენც. თბილისში, სადაც აქციის წევრები გავიდნენ ქუჩებში, კორპუსებში, ყველა ხედავს, რომ ადამიანები სადარბაზოებიდან, აივნებიდან გვეგებებიან '' - გვითხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

,,ამ ბრძოლაში ჩემი განწყობა არის უწყვეტი, რომ არ გავჩერდები. ყველასთან ჩავალ, ვისაც ჩვენი შვილების ინტერესები აქვს, ჯერ პირველ რიგში, ჩვენი სამშობლო უნდა განთავისუფლდეს, მერე ნამდვილად მინდა, რომ ჩემი შვილი განთავისუფლებულ და გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრობდეს'' - გვითხრა სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედამ. 

სინდისის პატიმრების მშობლებმა მადლობა გადაუხადეს გორელ მოქალაქეებს იმისათვის, რომ ისინი 100 დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ გორის საკრებულოს შენობასთან.

,,მე მთლიან გორს მადლობას ვუცხადებ ამ მეგობრობისთვის. ჩვენ მაინც არ გავჩერდებით. ჩემი შვილის იდეა იყო: - ,,მეკუთვნის მე საქართველო ისე, როგორც ვეკუთვნი მე საქართველოს'' - გიორგი მინდაძის დედა

,,ჩემი შვილი ბათუმიდანაა, ვეფხია - გორიდან. რა გამოდის? თურმე 1 მილიონიან ქალაქში რეგიონიდან ჩასულმა ბიჭებმა შეუქმნეს საფრთხე ხელისუფლებას.  რადიკალები ჩვენ კი არა, ეგენი არიან, რომ გამოამწყვიდეს უდანაშაულო ბიჭები'' - ზვიად ცეცხლაძის მამა. 

,,ვეფხია კასრაძე და ჩემი შვილი ერთ საკანში მოხვდნენ. ვეფხია ზრუნავს ჩემ შვილზე. მინდა მადლობა გადავუხადო გორს და ცხინვალს, რომ ვეფხია ასეთი გაზარდა '' - თორნიკე გოშაძის დედა

საქართველოში აქციები განახლდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 2030 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები