გორის კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღში'' ატრაქციონები
ბავშვებისთვის საშიშია. ამის შესახებ იმ დასკვნაში წერია, რომელიც
2024 წლის 12 დეკემბერს შპს ,,ტექნსპექტგრანტმა'' მოამზადა.
დოკუმენტი ,,ქართლის ამბებს'' ჩაუვარდა ხელთ, სადაც დეტალურადაა
აღწერილი, თუ რა ხარვეზები აღმოაჩნდა თითოეულ ატრაქციონს.
საექპსერტო დასკვნას ხელს აწერს კომპანიის ხელმძღვანელი ნიკა
გოგიაშვილი.
რა
წერია ექსპერტიზის დასკვნაში
დასკვნის მიხედვით, დაუყოვნებლივ
უნდა შეწყდეს ,,მფრინავი კარუსელის''; მბრუნავი კარუსელის'';
,,მფრინავი სავარძლების'' ,,გემის'', ,,მატარებლისა'' და ,,ცხენების
კარუსელების'' მუშაობა ხარვეზების სრულ აღმოხვრამდე.
,,მბრუნავი კარუსელის შემოღობვის შიგნით
მიწიდან ამოშვერილია ელკაბელები'' - ვკითხულობთ
დასკვნაში.
,,მფრინავი სავარძლების 8 სკამზე,
ადამიანის გადმოვარდნისგან დამცავი ჩამკეტის დასამაგრებელი ჯაჭვის
რგოლები გახსნილია''
,,მატარებლის სამოძრაო ზოლში
დამონტაჟებულია ძველი ატრაქციონი - ქოლგა. დემონტაჟი გაუკეთდეს
ძველს''
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ არც ერთ
ატრაქციონზე არ იყო გაზომილი დამიწების კონტურების
წინაღობა.
უფრო კონკრეტულად:
კარუსელი ,,მატარებლის''
ხარვეზები:
1. ვაგონებში წყალი
გროვდება
2. ასასვლელი ბაქნის ძირი და
კიბეები შესაფუთია მყარი მასალით.
3. მატარებლის ასასვლელი ბაქნის
ორივე გვერდსა და ღობეს შორის არ არის ტიხარი.
4. არ არის გაზომილი დამიწების
კონტურების წინაღობა.
5. საევუკაციო გასასვლელებში
დაფიქსირებულია ხარვეზი
6. შესასვლელ კარსა და საყრდენი
ბეტონის მოედნამდე არ არის ბეტონის ბილიკები.
7. აივნებზე, გალერეებზე, რამპებსა
და კიბეებზე დაფიქსირებულია ხარვეზი.
8. მატარებელზე გადასასვლელი
ბაქნის მოაჯირები ვერ აკმაყოფილებს სტადარტებს.
9. ცეცხლმაქრები არ არის
განთავსებული
10. არ არის საექსპლუატაციო და
სამონტაჟო ინსტრუქციები
11. მატარებლის სამოძრაო არეალში
დამონტაჟებულია ძველი ატრაქციონი - ქოლა.
12. ატრაქციონთან მისასვლელ კარს
საკეტი არა აქვს, სადაც ადვილად შეიძლება მივიდეს ნებისმიერი
პირი.
მსგავსი შინაარსის ხარვეზებია
დანარჩენ ატრაქციოებზე, თუმცა დამატებულია კონკრეტული დეტალები,
მაგალითად:
ხარვეზი
,,გემზე''
1. გემის ამძრავი მექანიზმის
ბეტონში სამაგრ ანაკრებს თვითმოშვების საწინააღმდეგო კონტრაქანჩები
არა აქვს.
2. გემზე გადასასვლელი ბაქანი
სიმაღლეშია ასამაღლებელი და ახლოსაა მისაწევი გემის
კონსტრუქციამდე.
3. კარი, გასართობი ზონიდან გარეთ
უნდა იღებოდეს ორივე მხარეს და ა.შ.
4. არაა
ცეცხლმაქრობი
,,მბრუნავი
კარუსელი''
1. მბრუნავი კარუსელის შემოღობვის
შიგნით, მიწიდან ამოშვერილია ელკაბელები.
2. მბრუნავ კარუსელზე არ არის
გაზომილი დამიწების კონტურების წინაღობა (როგორც
ყველგან)
3. შესასვლელ კარსა და ატრაქციონის
საყრდენ ბეტონის მოედნამდე არ არის ბილიკები.
4. არაა
ცეცხლმაქრობი
,,მფრინავი
სავარძლები''
1. 8 სკამზე, ადამიანის
გადმოვარდნისგან დამცავი ჩამკეტის დასამაგრებელი ჯაჭვის რგოლები
გახსნილია.
2. ადამიანის გადმოვარდნისგან
დამცავი ჩამკეტების დასამაგრებელ ჯაჭვებს კარაბინები არა
აქვს.
3. დანარჩენი იგივე
ხარვეზები...
ვინ დაამონტაჟა
ატრაქციონები
2020 წელს, გორის მერიამ 800 000 ლარი გადაიხადა ახალი ატრაქციონების
შესაძენად. კომპანია ,,იმგომ'' ქვემოთ ჩამოთვლილი ატრაქციონები
ჩინეთიდან ჩამოიტანა და დაამონტაჟა.
კომპანია ,,იმგოს'' დირექტორმა კახა მახვილაძემ გვითხრა, რომ იმ
პერიოდში, ატრაქციონების მონტაჟი განხორციელდა ყველანაირი წესის
დაცვით და გამართულ მდგომარეობაში გადასცა შემსყიდველს - ამ
შემთხვევაში გორის მერიას.
კახა მახვილაძემ ყურადღება გაგვამახვილებინა იმაზე, რომ ატრაქციონების
მონტაჟიდან ერთ თვეში გორის ,,ახალბაღის'' პარკში მასშტაბური
სარეაბილიტაციო სამუშაობი დაიწყო, შესაბამისად, ამ სამუშაოების დროს,
რა მოხდა პარკში, იყო თუ არა მეთვალყურეობის ქვეშ ატრაქციონები და
ა.შ. პასუხისმგებლობა დამმონტაჟებელ კომპანიას აღარ ეკისრება:
,,ჩვენ თავიდანვე რეკომენდაციის სახით შემსყიდველ ორგანიზაციას
ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლებოდა, რომ ატრაქციონები ყოფილიყო უფუნქციო
მდგომარეობაში. როდესაც ჩვენ დავასრულეთ მონტაჟი, ერთ თვეში მანდ
დაიწყო პარკის რეაბილიტაცია. რა მოხდა, რა პროცესები მიმდინარეობდა
პარკში, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროს სცილდება'' -
გვეუბნება კახა მახვილაძე.
მართლაც, 2021 წლიდან გორის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ჩატარდა ე.წ.
დენდროლოგიური პარკის მსგავსი ბაღის მოწყობა. პროცესი 3 წლის
განმავლობაში გაგრძელდა. ჯამში, 12.2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
პარკის ,,რეაბილიტაცია'' 2024 წლის დასაწყისში დასრულდა. 2024 წლის
ივნისში კი, პარკში ატრაქციონების საკონტროლი ჯიხურების და ამავე
ატრაქციონების შემოწმების მიზნით, გამოცხადდა ტენდერი.
ვინ აღადგენს ატრაქციონებს?
პარკის
რეაბილიტაციის შემდეგ, ატრაქციონების ექსპერტიზის და საკონტროლო
პუნქტების ასაშანებელად გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩავარდა,
რომელსაც ჰყავდა მომჩივანი კომპანია ,,სმარტნეტი''. მისი
წარმომადგენელი ჩიოდა, რომ გორის მერიის მოთხოვნები შეუსაბამო და
გაურკვეველი იყო, რადგან:
,,ტენდერი მოიცავს შემოწმებას, ძრავების მოწესრიგებას, სამუხრუჭე
სისტემის შემოწმებასა და აღდგენას, სისტემის ჩართვას, ტესტირებას და
ა.შ. ანუ საუბარია ისეთ კომპონენტებზე რომელთა მიწოდება წინამდებარე
ტენდერში არ ხდება და პრეტენდენტებისთვის უცნობია მათი ამჟამინდელი
მდგომარეობა.. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული გახდება ისეთი
კომპონენტების გამართულად მუშაობაზე აიღოს პასუხისმგებლობა რომელიც
მას არ დაუმონტაჟებია''
,,მაგალითად როდესაც მოთხოვნილია ძრავების შემოწმება და მოწესრიგება,
როგორ უნდა შეფასდეს რას ნიშნავ ძრავის მოწესრიგება?! მაგალითად,
შესაძლოა ძრავი იყოს უბრალოდ გასაწმენდი, ან მისი რომელიმე კომპონენტი
იყოს შესაცვლელი, ან საერთოდ ახალი ძრავი იყოს საჭირო. ასეთი
ბუნდოვანება გამორიცხავს ჯანსაღ კონკურენციას და არაპროპორციულია
პრეტენდენტთა მიმართ, ვინაიდან შესაძლოა არსებობდეს რომელიმე
პრეტენდენტი, რომლისთვისაც ცნობილია არსებული მოცემულობა და მხოლოდ
მან შეძლოს ტენდერში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან მხოლოდ მას
შეუძლია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება.''
,,ასევე ბუნდოვანია სისტემის ერთჯერადი ტესტირების/ჩართვის შედეგად რა
საგარანტიო ვალდებულებები უნდა წარმოეშვას პრეტენდენტს, იქნებ
შემსყიდველი აქ მოიაზრებს, რომ თუ რაღაც პერიოდის მერე სისტემა
მწყობრიდან გამოვა და გაითიშება მისი ხელახლა ჩართვა და ტესტირება
საგარანტიო მომსახურების ფარგლებში უნდა მოხდეს. თუ ეს ასეა მაშინ
ცალსახად არასწორ მიდგომასთან გვაქვს საქმე, რადგან უბრალო ერთჯერადი
სერვისის გამო პრეტენდენტზე გადადის მთელი პასუხისმგებლობა იმ
ატრაქციონების გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რომელიც მას
არც მიუწოდებია და არც დაუმონტაჟებია, ასევე 3 წლიანი საგარანტიო ვადა
და გეგმიური სერვისები (რომელიც ამ ტენდერით არაა გათვალისწინებული)
კვეთს ერთმანეთს და ბუნდოვანი ხდება რა ექცევა საგარანტიო
მომსახურების ფარგლებში და რა გეგმიურ სერვისებში.''
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინიმუმ უნდა გაიმიჯნოს
ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები და საგარანტიო ვადა
გავრცელდეს მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც ახალი მასალები და სამუშაოებია,
რათა შემდგომში ისე არ მოხდეს, რომ უკვე განხორციელებულ სამონტაჟო
სამუშაოებსა და დამონტაჟებულ ატრაქციონებზეც გავრცელდეს გარანტია და
გამარჯვებული პრეტენდენტი პასუხისმგებელი იყოს ისეთ დანადგარებზე, რაც
მას არ მიუწოდებია შემსყიდველისთვის.'' - წერს კომპანია
,,სმარტნეტის'' წარმომადგენელი შესყიდვების სააგენტოს.
2024 წლის 25 აპრილს ატრაქციონების საკონტროლო ჯიხურების მონტაჟზე
გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. გორის მერიამ ახალი პირობებით
გამოაცხადა ტენდერი, სადაც გამარჯვებული გახდა ინდმეწარმე მანუჩარ
დუმბაძე.
მანუჩარ დუმბაძემ ააშენა საკონტროლო პუნქტები, სხვათა შორის,
დაიქირავა ელექტროტექნიკოსები და ატრაქციონებსაც ამ პერიოდში ჩაუტარდა
შემოწმება. შემოწმების აქტში წერია, რომ უნდა აღმოიფხვრას
ხარვეზები.
ვინ აღადგენს ატრაქციონებს? მისი დამმონტაჟებელი აცხადებს, რომ
განვლილ 4 წლის პერიოდში მომხდარი ამბები მის პასუხისმგებლობას
სცილდება. ერთადერთი გზა დარჩენია მერიას, რომ ხარვეზების
გამოსასწორებლად ახალი ტენდერი გამოაცხადოს, ჯერ პროექტზე და შემდეგ
უშუალოდ სამუშაოზე. ისევ ივარგებს თუ არა 4 წლის წინ ჩინეთიდან
ჩამოტანილი ატრაქციონები, ესეც იმ პროექტში უნდა იყოს ასახული.
სტატიის გამოყენების პირობები