ახალი ამბები
თავდასხმა მოზარდზე კრიმინალური სამყაროს უპატივისცემლობის მიზეზით

,,ეს ბავშვები სტადიონზე თამაშობდნენ, გაიყვანეს, ძველი შენობის ნანგრევებში და იქ სცემეს სასტიკად. ძმაც ნაცემია.'' - გვიყვება წყარო.

ერთ-ერთი სკოლის მშობლების ჯგუფში აქტიურად განიხილავენ ფაქტს, რომელიც მოზარდის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას უკავშირდება.

,,ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი ალბათ დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ  შედეგი არ ვიცით" - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით ჩატარდა და ბრალი ოთხ პირს წარუდგინა. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:

,,მიმდინარე წლის 16 მაისს,  წარსულში ქურდობისთვის და ცემისთვის ნასამართლევი არასრულწლოვანის ინიციატივით არასრულწლოვან ძმებთან შეხვედრა შედგა. მან სხვა არასრულწლოვანებთან ერთად დაზარალებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი არასრულწლოვანი 19 მაისს დააკავეს. მას, ორ სხვა არასრულწლოვანთან ერთად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა), ხოლო ერთ არასრულწლოვანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა) წარედგინა.'' - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები