ახალი ამბები
საკრებულოში ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის იმპიჩმენტი მოითხოვეს
გორის საკრებულოს აპარატში სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის, თამარ თედლიაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნის თაობაზე, განაცხადი დღეს 25 მარტს დარეგისტრირდა.

„თავისუფალი დემოკრატების “ წარმომადგენელი იმ დეპუტატების ვინაობას ასახელებს, რომლებიც სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარეობიდან მის გადაყენებას ითხოვენ.

„ზურაბ როსებაშვილი, რამაზ იოსელიანი და ლერი ლაფაჩი. ეს ის დეპტატები არიან, რომლებიც ჩემს იმპიჩმენტს ითხოვენ. ჩემი ინფორმაციით საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობა ლერი ლაფაჩს სურს, ოქრუაშვილის პარტიიდან უხელფასოდ მხოლოდ ისაა დარჩენილი. ეს მან პირადად მაშინ მითხრა, როდესაც კოალიციასა და ოქრუაშვილს შორის გარიგება მოხდა."

თამარ თედლიაშვილი იმედოვნებს, რომ მის იმპიჩმენტს კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ

„ილია მეტრეველი კანდიდატურის მხარდაჭერა კოალიციის წევრებმა ქალაქის საჭიროებიდან გამომდინარე ახსნეს. ჩემი გადაყენება ქალაქის ინტერესში არ შედის, შესაბამისად, არა მგონია, კოალიციის დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ ოქრუაშვილის პარტიის ინიციატივას.“ - აცხადებს თედლიაშვილი.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის თანამდებობიდან გადაყენებას დეპუტატების რვა ხმა ჭირდება.

მანამდე კი, ინიციატივამ პროცედურები უნდა გაიაროს, კერძოდ, კომისიის და ბიუროს სხდომებზე. თედლიაშვილის ინფორმაციით, საკითხის განხილვა 1 აპრილის საკრებულოს სხდომაზე ვერ მოესწრება.

,,ქართული პარტიის" წარმომადგენლები თედლიაშვილის პოზიციას არ იზიარებენ. ადასტურებენ, რომ მათ გუნდში ორი პირია უხელფასოდ, გიორგი ამბოკაძე და ლერი ლაფაჩი. ამ ორიდან ვინ დასახელდება კომისიის თავმჯდომარედ, არ ახმაურებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები