გორში ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც 20 წლის წინ დიდი ლიახვის
ხეობაში მომხდარ ფაქტზე ბრალდებული სამი პირის საქმე განიხილეს.
პროკურორმა ია მეფარიშვილმა გადაწყვეტილება სამივე ინსტანციაში
გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.
ბრალდების მიხედვით, აღნიშნული პირები, 20 წლის წინ, 2004 წელს, თავს
დაესხნენ პოლიციის საგუშაგოს, ცეცხლი გაუხსნეს და ცხინვალის
მიმართულებით მიიმალნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ბრალდებულებს, 20 წლის შემდეგ,
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. წინასწარი
პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, არსებითი განხილვა დაიწყო, რომელიც
საბოლოოდ 2025 წლის 18 მარტს დასრულდა. უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა გორის სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის
განჩინება.
წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ: ცხინვალში მცხოვრები ფ.ე. ასევე,
ვლადიკავკაზში მცხოვრები ლ.კ და მ.ბ.
რა მოხდა 2004 წელს? როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული,
ინციდენტი დაიწყო სოფელ აჩაბეთში, ხეითის გადასახვევთან. ერთმანეთს
შეეჯახა ორი მანქანა. ბრალდებულები მსუბუქ ავტომანქანაში
იმყოფებოდნენ. მეორე მანქანის მფლობელების ვინაობა ვერ დაადგინეს
თავის დროზე.
ბრალდების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეებს შორის კამათი
დაიწყო. მათ დამშვიდებას ქურთის გამგებელი ნ.ყ ცდილობდა, რომელმაც
მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. შეტყობინების შემდეგ, შემთხვევის
ადგილზე ქურთის შს განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ.
ქურთის შს სამმართველოს თანამშრომლების გამოჩენის შემდეგ, პროკურორის
განცხადებით, ბრალდებულებმა მანქანა დაძრეს უკუსვლით. შეეჯახნენ
ერთ-ერთ პოლიციელს, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო. პიროვნება,
რომელსაც მანქანა დაეჯახა, ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. პროკურორი
ამტკიცებს, რომ ის შემთხვევით იყო მისული.
ბრალდებულები ცხინვალის მიმართულებით გაემართნენ. პოლიციელები
დაედევდნენ ,,უაზით'', თუმცა დევნის მიუხედავად, ,,ვაზ 21-07'' მარკის
მანქანამ ცხინვალში შეასწრო.
გარკვეული დროის შემდეგ, პროკურატურის განცხადებით, იგივე მანქანა
გამოჩნდა ცხინვალის მხრიდან. მიუახლოვდა საგუშაგოს, საიდანაც ქურთის
შს სამმართველოს ,,უაზს'' ცეცხლი გაუხსნეს. არავინ
დაშავებულა.
ეს არის ამბავი, რომელიც 20 წლის შემდეგ გაცოცხლდა. იმ დროინდელმა
მოწმეებმა, ყოფილმა გამგებელმა და ყოფილმა პოლიციელებმა განაცხადეს,
რომ აღარც ახსოვთ დეტალები და არც ამოცნობა შეუძლიათ. ამიტომ,
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულების მიმართ
გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო.
სტატიის გამოყენების პირობები