ახალი ამბები
გორში კონტროლიორების სახელფასო სისტემაში ცვლილებაა
გორში კონტროლიორების ხელფასები მთლიანად დამოკიდებული გახდა ბილეთების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე. შემოსავლების მობილიზება კი კონტროლიორების აქტიურ მუშაობას მოითხოვს.

როგორც ,,ქართლის ამბები'' წერდა, ლურჯი ავტობუსების კონტროლიორები ჩამოაცილეს ტრანსპორტის სააგენტოს და დაუქვემდებარეს მუნიციპალურ ინსპექციას, რომელსაც დამატებითი თანხები სჭირდებოდა.

გორის მერიის ცნობით, 1-ელი ივნისიდან ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად მუნიციპალური ინსპექციის ანგარიშზე გადაირიცხება, რომელიც კონტროლიორების ხელფასებს მოხმარდება. ინსპექციის ბიუჯეტი წლის დასაწყისშია დამტკიცებული, შესაბამისად, წინასწარ არ იყო განსაზღვრული, თუკი მის დაქვემდებარებაში კონტროლიორების ფუნქციები შევიდოდა.

,,პირველი ივნისიდან რაც თანხა შემოვა ბილეთებიდან, ის აისახება მუნიციპალური ინსპექციის ანგარიშზე. მომდევნო 6 თვეში, დაგეგმილი გვაქვს 150 000 ლარის მობილიზება. თუ მეტი თანხა შემოვა, ბუნებრივია, შევიტანთ ისევ ბიუჯეტში ცვლილებას.'' - გვითხრა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა დალი ტლაშაძემ.

ბიუჯეტში ცვლილება საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. განმარტებით ბარათში პირდაპირ წერია, რომ  საბაზრო წესით ქონების რეალიზაციის თანხა გადაირიცხება მუნიციპალურ ინსპექცის ანგარიშზე.

რაც შეეხება ტრანსპორტის სააგენტოს, ამ ეტაპზე, მათი შემოსავალი: კერძოდ, ხელფასები, ტრანსპორტის შეკეთება და ა.შ. სუბსიდიებზე დარჩა დამოკიდებული, ასევე სარეკლამო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები